ძალზე ნაადრევად! ვიღაცამ BMW M4 CSL-ი უკვე დაამტვრია
მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ ახალი M4 CSL-ის წარმოება ივლისში დაიწყო, ვიღაცამ ერთ-ერთი ეგზემპლარი უკვე დაამტვრია. ინციდენტის შესახებ NoorJosef-ის Instagram გვერდიდან ვიგებთ. სამწუხაროდ, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ავარია გაურკვეველია. არც ის ვიცით დაზიანებული ავტომობილი საწარმოო მოდელია თუ პროტოტიპი. CSL-ის საწარმოო ხაზი 1 000 ეგზემპლარს მოიცავს.
სურათებში ჩანს, რომ ავტომობილს დაკიდების სისტემისა და ამძრავი დეტალების დაზიანება აქვს. გატეხილია დისკიც. მოდელს ახალი ბამპერიც დასჭირდება. მაღალი ალბათობით, გადარჩა მაშუქები და საბარგული. სამწუხაროდ, დაზიანება შეინიშნება უკანა ფრთაზეც, რაც მარტივი გამოსასწორებელი არ იქნება. შესაძლოა იგივე ბედი ძარასაც ეწია.
სურათში არ ჩანს მანქანის წინა ნაწილი, თუმცა, უსაფრთხოების გახსნილ ბალიშს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ცხვირიც დამტვრეული უნდა იყოს. თუ ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება მისი გზებზე დაბრუნება საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
ახლად გასაჯაროებული მოხსენებიდან ვიგებთ, რომ M4 CSL-ის მოდელები თავიანთ მფლობელებთან ჯერ არ არის მიწოდებული. ამიტომ, მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს დამტვრეული CSL-ი კომპანიის კუთვნილი ავტომობილია, რომელიც წარმოებამდე შექმნეს.