250 000$-იანი ჩავარდნა - 6x6 Ram 1500 TRX-ის წარუმატებელი ნახტომი
რას აღარ აკეთებენ „იუთუბერები“ იმისთვის, რომ მათ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება ჰქონდეს და არხმა მეტი პოპულარობა მოიპოვოს. სწორედ ამ მოტივით, აშშ-ში, The Tripple F Collection არხის ბიჭებმა Ram 1500 TRX-ის ექსტრემალური გამოცდა გადაწყვიტეს. შედეგი კი საკმაოდ მძიმე გახლდათ.
ავტომობილის საჭესთან „სუპერქარებისა“ და „ჰიპერქარების“ მფლობელი ზის. ეს ადამიანი Apocalypse Manufacturing-ის მიერ შექმნილ 6-ბორბლიან Ram TRX-ს ფლობს. ამ ავტომობილს საავტომობილო სამყარო Warlod-ის სახელით იცნობს.
სტანდარტული TRX-ი უგზოობის ექსტრემალურ პირობებში სასიარულო პიკაპია. კიდევ ერთი ამძრავი ღერძის დამატებით კი ეს ავტომობილი ნამდვილ მტაცებლად არის ქცეული. ამ ყველაფერმა კი მფლობელის ცდუნებებზე იმოქმედა და მანქანის ზედმეტად რთულ პირობებში გამოცდა გადაწყვიტა.
გიჟური პიკაპის სრული შესაძლებლობების გამოსავლენად The Tripe F Collection-მა გადაწყვიტა, რომ ავტომობილით ჰაერში აჭრილიყვნენ. ამისათვის სპეციალურად ტრამპლინი ააშენეს. 48 კმ/სთ-ით მოძრაობისას მანქანამ ეს რთული მისია შეასრულა, რის შემდეგაც ამოცანა გაართულეს. მათ ერთი ტრამპლინიდან ახტომა და მეორეზე დაშვება განიზრახეს. სიჩქარე კი იგივე დატოვეს.
შედეგი? Warlord-ი მეორე ტრამპლინამდე ვერ მიფრინდა და წინა სარტყლით მეორე ტრამპლინს დაეჯახა. გასაოცრად, მანქანის უსაფრთხოების ბალიშები არ გაიხსნა. შეჯახების შედეგად მგზავრები ტორპედოსკენ გადაიხარნენ. სამწუხაროდ, მგზავრმა სახე ტორპედოს დაარტყა. საბედნიეროდ, ეს ადამიანი სერიოზულად არ დაშავებულა.
მძიმედ დაზიანდა Ram 1500 TRX-ი. ძველი დიდების დასაბრუნებლად ამ ავტომობილს უამრავი მუშაობა დასჭირდება, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.