BMW-ს თქმით, კლიენტები გამოწერას მიეჩვევიან და სარგებელსაც ნახავენ
Aa
Aa

BMW-ს თქმით, კლიენტები გამოწერას მიეჩვევიან და სარგებელსაც ნახავენ

გამოწერების მოთხოვნა ავტომწარმოებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება.

კლიენტები გამოწერების მიმართ ინტერესს არ იჩენენ. თუმცა, ეს ფაქტორი ავტომწარმოებლებს არ აფერხებს იმაში, რომ ფუნქციებს ფასი დაადონ. ბოლო დროს BMW-მ კლიენტებს სავარძლების გათბობის გამოწერა მოსთხოვა.

გამოწერის სერვისის იდეა ახალი არ არის. Tesla უკვე რამდენიმე წელია, რაც კლიენტებს მძღოლის დამხმარე სისტემების გამოწერაში თანხას ყოველთვიურად ახდევინებს. Ford-ი და Volkswagen-იც ადასტურებენ, რომ მომავალში გამოწერებით დიდი თანხის შოვნას აპირებენ. განსხვავება ისაა, რომ BMW კლიენტებს გამოწერას სავარძლების გათბობის მსგავს ელემენტარულ კომფორტში სთხოვს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ბავარიულ ავტომწარმოებელს მსგავსი ნაბიჯის გამო აკრიტიკებენ. ის კლიენტებს ყოველთვიურად თანხას Apple CarPlay-ს გამოწერაშიც ახდევინებდა. მოხერხებულმა მძღოლებმა თანხის გადახდის გარეშე ამ სისტემით სარგებლობის გზა გამონახეს.

BMW-ს პრესსპიკერი ტორსტენ იულიხი ამბობს: „კლიენტებისგან ვიცით, რომ მათი მოთხოვნა გადაადგილებაზე შემცირდა“.

ეს ერთი მხრივ გასაგებიცაა. პანდემიის დროს, კომპანიები დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა. ზოგიერთ კომპანიას ეს ფორმატი მოეწონა და თანამშრომლები ოფისში არც დაუბრუნებია. ამიტომ, ადამიანებს ნაკლები გადაადგილება უწევთ. ამ შემთხვევაში Tesla-ს ყოველთვიურ გამოწერებში თანხის გადაყრა ნაკლებად აზრიანია, ვიდრე შორი მოგზაურობების დროს BMW-ს სავარძლების გათბობის ერთდჯერადი გამოწერა.

სავარძლების გათბობა ერთადერთი ფუნქცია არაა, რომელშიც ბავარიული ავტომწარმოებელი დამატებით თანხას ითხოვს. საჭის გათბობა, ავტომატური შორი ნათება და კრუიზ კონტროლიც გამოწერას ექვემდებარება.  

დავუბრუნდებით იმ დროს, როცა ავტომობილის ყიდვასთან ერთად მასში ჩაყენებულ ყველა ფუნქციას ვყიდულობდით? თუ ავტომწარმოებლების ქცევას დავაკვირდებით, პასუხი ერთია: არა.

მსგავსი სიახლეები