ამ Toyota Fortuner-ს სალონში ტუალეტი აქვს
საექსპედიციო და „სახლი ბობრლებზე“ ავტომობილებს ხშირ შემთხვევაში ტუალეტები მოწყობილი აქვს. ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის ეს საკმაოდ მოსახერხებელი რამ გახლავთ. თუმცა, არავის წარმოედგინა, რომ მსგავსი საშუალებით ჩვეულებრივი SUV-ის აღჭურვაც მოხერხდებოდა. სურათზე Toyota Fortuner-ს და მის მფლობელს ხედავთ, რომელმაც ტუალეტი ავტომობილის სალონში ჩააშენა.
უჩვეულოდ აღჭურვილი SUV-ი ადგილობრივ ავტოჟურნალისტს, სარატ საჯის ეკუთვნის. მან თავისი ავტომობილის შესახებ ვიდეოც გადაიღო, რომელიც YouTube-ის პლატფორმაზე ატვირთა. სამწუხაროდ, ის ინდურად საუბრობს, რის გამოც დეტალების გაგება რთულია.
სპეციალურად ავტომობილისთვის განკუთვნილი ტუალეტის დიზაინი Ojes Automobiles-ს ეკუთვნის. ეს ინდური კომპანია „სახლი ბორბლებზე“ ტიპის მანქანებზე მუშაობს. მათ Fortuner-ის სალონში საჭირო ადგილი ოსტატურად გამონახეს. თუმცა, სალონის დაბალი სიმაღლის გამო მისი მოხმარება შესაძლოა გარკვეულ დისკომფორტთან იყოს დაკავშირებული. ეს ყუთი საბარგულშია დამაგრებული და მესამე რიგის სავარძლების ნახევარს უკავებს. ეს ნიშნავს, რომ მანქანა 7-კაციანი გახდა, ხოლო საბარგულისთვის განკუთვნილი ადგილი მნიშვნელოვნად შემცირდა.
აღსანიშნია, რომ ამ საპირფარეშოს ვენტილაცია, წყლის სისტემა და კარიც აქვს. ასეთი ტიპის ტუალეტები ინდოეთში საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდ დისტანციებს ფარავს. ასევე, მსგავს ხერხს იყენებენ ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც მოწესრიგებული ტუალეტის პოვნას ხშირად ვერ ახერხებენ.
საინტერესოა ისიც, რომ ამ ტუალეტების გამოყენება მაშინაც არის შესაძლებელი, როდესაც ავტომობილი მოძრაობს. ეს სპეციალური კონტეინერების დამსახურებაა. თუმცა, ყველაფერი ცუდად დასრულდება მაშინ, როდესაც მძღოლს რაიმე მანევრის შესრულება მოუწევს.