Mercedes-ის მოდელი, რომელიც საჭის გარეშე იმართებოდა
კონცეპტუალურ ავტომობილებს უცნაურობა და ფუტურისტულობა ახასიათებს. თუმცა, ძალზედ ცოტა თუ ყოფილა ამ მხრივ ისე გამორჩეული, როგორც 1996 წლის Mercedes-Benz F200 Imagination-ი. ახლახან ეს ავტომობილი London Concours-ზე გამოჩნდა. ამ მანქანისთვის მზის შუქის ხილვა კი საკმაოდ დიდი იშვიათობაა.
მოდელს განსაკუთრებულობა სამოგზაურო სატვირთოდან ჩამოგორების დროსაც ეტყობა. მისი კარები Koenigsegg-ის კარებსაც მოგაგონებთ. ეს ნიშნავს, რომ მანქანიდან გადმოსვლა და მასში ჩაჯდომა საკმაოდ მარტივია. გარდა ამისა, კონცეფცია ორიგინალურიცაა.
თუმცა, ის, რაც F200-ს ყველა სხვა ავტომობილისგან გამოარჩევს მისი მართვის ბერკეტია. London Concours-ზე საოცარი ავტომობილების შეკრება გაიმართა. თითოეული მათგანის გადმოტვირთვა საკმაოდ სახიფათო და სანერვიულოა, თუმცა ამ Mercedes-ის გადმოტვირთვის ყურება ნერვების ნამდვილი სავარჯიშოა.
ამ ავტომობილს ტრადიციული საჭე არ აქვს. ის ე.წ. „ჯოისტიკით“ იმართება. ასეთი ვიზუალისა და კონცეფციის შემდეგ კი F200 Imagination-ის ძრავა მოულოდნელად ძველმოდურად მუშაობს. ამ მოდელის დანახვისას, ალბათ, ყველა ელის, რომ ის EV-ი იქნება. თუმცა მანქანა შიგაწვის ძრავითაა აღჭურვილი.
სალონში უზარმაზარი ეკრანებია, რომელიც Mercedes-ის თანამედროვე Hyperscreen-ს გვაგონებს. მულტიმედიის სისტემისა და მაჩვენებელთა დაფის გარდა იქ კამერების გამოსახულებაც არის გამოტანილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ავტომობილის დებიუტი 1996 წლის პარიზის ავტოჩვენებაზე გაიმართა. 1996 წელს! დრო, როდესაც თბილისის ცენტრში ელექტრო ენერგიის „მოსვლა“ გვიკვირდა.
London Councours-ზე F200 Imagination-ი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი იყო. ის თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასეთი უნიკალური კონცეპტუალური მოდელის სანაცვლოდ კი ეს თანხა მდიდარი კოლექციონერებისთვის სავსებით მისაღებია.