პოლიციელმა ეჭვმიტანილი უზუსტესი მანევრით აიყვანა
ე.წ. „პიტ“ მანევრებზე ჩვენს პორტალზე რამდენჯერმე დაგვიწერია. ამ ილეთს აშშ-ს პოლიციელები უკვე რამდენიმე ათწლეულია იყენებენ. თუმცა, მათგან ცოტა თუ იქნება ისეთი სიზუსტით და წუნდაუდებლლად შესრულებული, როგორც ვიდეოში ნაჩვენებმა ოფიცერმა შეასრულა.
Facebook-ის პლატფორმაზე ატვირთული ვიდეო აშშ-ში, ჯორჯიის შტატშია გადაღებული. კადრებში ჩანს თუ როგორ მისდევს დოუსონ ქაუნთის შერიფი ეჭვმიტანილს, რომელიც Ford Fusion-ით გადაადგილდება. უბამპერო ავტომობილში ოთხი ქალბატონი იჯდა, რომლებმაც ერთ-ერთი მაღაზიიდან ნივთები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმირებული პოლიცია კი ეჭვმიტანილების სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო.
მალევე კრიმინალის შემცირების დანაყოფმა ავტომობილი აღმოაჩინა, რომელიც წესების დარღვევით გადაადგილდებოდა. ხმოვანი სიგნალებისა და პოლიციის შუქების ჩართვით კი დევნაც დაიწყო.
როგორც ვიდეოდან ჩანს, მძღოლი თავდაპირველად მოთხოვნას არ ემორჩილება. თუმცა, მოგვიანებით მარჯვენა ზოლში გადადის და ავტომობილს აჩერებს. ამის შემდეგ ის შერიფის გადმოსვლას ელოდება. სარკეში ქალბატონი პოლიციელის მიერ კარის გაღებას აფიქსირებს, შემდეგ კი აქსელერატორის სატერფულ ფეხს აჭერს და დევნა გრძელდება.
შერიფი დამნაშავეებს დაედევნა და მათი ტრადიციული მანევრით შეჩერება განიზრახა. მან ეს ამოცანა უზუსტესად შეასრულა. Ford Fusion-ი მოცურდა და ბალახზე გადავიდა. შემდეგ კი პროფესიონალმა პოლიციელმა იარაღი მოიმარჯვა, რათა ეჭვმიტანილები დანებებულიყვნენ.
მძღოლი, 27 წლის ქალბატონი, დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. სალონში მსხდომ ერთ-ერთ მგზავრს ყალბი ფული აღმოუჩინეს, რის გამოც 700$-ით დააჯარიმეს. დანარჩენს ორს კი სხვადასხვა ტიპის დაწღვევები აღმოაჩნდათ.