სარბოლო მანქანა ქუჩებისთვის - 2023 წლის Porsche 911 GT3 RS
დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ახალი Porsche 911 GT3 RS-ი გამოჩნდა. ავტომობილის დებიუტი 2023 წლის მონტერეის საავტომობილო კვირეულზე შედგა. მათთვის, კი ვინც ამ ჩვენებაზე დასწრება ვერ მოახერხა საუკეთესო ხარისხების სურათები გავრცელდა. ეს კი საშუალებას გვაძლევს შტუტგარტელების ახალი „რაკეტა“ დეტალურად შევისწავლოთ.
ყველაზე სპორტული ხასიათის 911, თავისი ატმოსფერული ძრავით, 992-ის თაობის GT3-ზეა დაფუძნებული. ეს უკანასკნელი ისედაც გიჟური სისწრაფისა და შესაძლებლობების მქონე მოდელი გახლავთ. RS-ის შემთხვევაში კი ავტომობილი უფრო მაღალ საფეხურზეა აწეული, რათა ტრეკისთვის უკეთესი იარაღი იყოს. Porsche-მ დიდი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როდესაც სტანდარტული GT3 დაკიდების სისტემა წინ ორბერკეტიანი საკიდრით აღჭურვა. GT3-ის 502-ცხენისძალიანი და 470 ნიუტონ მეტრიანი 4-ლიტრიანი ოპოზიტური 6-იანი RS-ში 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
სამწუხაროდ, RS-ი GT3-ის მსგავსად 6-სიჩქარიანი ან 7-სიჩქარიანი PDK-თი არ გამოვა. მოდელი მხოლოდ ორმაგი ქუროს ტრანსმისიით აღიჭურვება. გარდა ამისა, ახალი აეროდინამიკური დანამატების შემდეგ, მაქსიმალური სიჩქარე 319 კმ/სთ-დან 296 კმ/სთ-მდე შემცირდა. თუმცა, RS-ი სტანდარტულ GT3-თან შედარებით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე 0.2 წამით უფრო სწრაფად აჩქარდება.
GT3 RS-ის ეფექტურობა მხოლოდ სწორ გზაზე არ იქნება თვალსაჩინო. ეს ავტომობილი მოსახვევებში ისე იგრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ ის აეროდინამიკური დანამატები ახდენს, რაც ზემოთ ვახსენეთ. ჰაერის მჭრელი და გადამანაწილებელი არხები კორპუსის თითქმის ყველა პანელზეა. კაპოტზე, რომელიც Porsche-ში საბარგულია, L-ის ფორმის წყვილი სავენტილაციო არხი გვაქვს. ის წინა ბამპერიდან წამოსულ ჰაერს ატარებს. ასე მანქანის ცხვირი ასფალტს ეწებება. ჰაერს ატარებს ფრთებზე არსებული ჭრილებიც, რომელსაც ნაცნობი დიზაინი აქვს. წინა ბამპერის ბოლოებში კი კარბონის ახალი ტიპის აეროდინამიკური დანამატებია. მისი მსგავსი ბორბლის გაყოლებაზეც არის დამონტაჟებული. კარსა და წინა ფრთებს კი ასევე ახლებური სტილის ჰორიზონტალური ხაზი აერთიანებს, რაც მანქანის აგრესიულობას ხაზს უსვამს.
ასეთივე ჯადოქრობები ხდება მანქანის ქვედა ნაწილშიც. ჰაერის გამტარი არხები ელექტრონულად იღება და იხსნება. ასევე, ფარფლები გვაქვს სახურავზე. ავტომობილის უკანა ნაწილს დიფუზორი და უზარმაზარი ფრთა ამშვენებს. ეს უკანასკნელი ელექტრონულად იმართება და Formula 1-ის DRS-ის მსგავსი ფუნქცია აქვს. საჭირო მომენტში ის იხსნება და ჰაერს ატარებს. დამატებითი მიმჭერი ძალის გასაზრდელად კი იკეტება. მის კონტროლს მძღოლი საჭიდანაც მოახერხებს.
Porsche-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ RS-ს 200 კმ/სთ-ით გადაადგილებისას 409-კილოგრამიანი მიმჭერი ძალა აქვს, რაც მის წინამორბედზე ორჯერ მეტია. მეტიც, 285 კმ/სთ-ზე ჰაერი კორპუსს 860 კგ-ით აწვება.
ახალი დიზაინის მქონე, კარბონისგან დამზადებული კარის გაღებისას ორი ანატომიური სავარძელი და უსაფრთხოების კარკასი მოგხვდებათ თვალში. ეს დეტალები Club Sport პაკეტში სტანდარტულია. GT3-სგან და სხვა PDK-ს კოლოფიანი მოდელებისგან განსხვავებით, აქ ნამდვილი, ტრადიციული ზომისა და ფორმის ბერკეტია. ასევე, საჭეზე ოთხი როტორული გადასატრიალებელია, რომელიც მძღოლს ავტომობილის საკვანძო ფუნქციების კონტროლის საშუალებას აძლევს.
ეს ყველაფერი არ არის. წინ 20-იანი, ხოლო უკან 21-იანი ბორბლებს მანქანაზე მისამაგრებელი ცენტრში აქვს. მასზე გადაკრული Michelin-ის საბურავები კი GT3-ის საბურავებზე განიერია. ზომაში გაზარდეს კარბონკერამიკური დისკური მუხრუჭებიც, რომლის არჩევაც დამატებითი დეტალების სიიდან შეიძლება და საბაზისო პაკეტს არ მოჰყვება. მიუხედავად კომპონენტების ზომების გაზრდისა, აეროდინამიკური დანამატებისა და ტექნოლოგიურად დატვირთვისა, Porsche-მ მანქანის წონის დარეგულირებაც მოახერხა. ახალი GT3 RS-ის წონა 1 450 კილოგრამია. ის წინა თაობაზე 20 კგ-ით მძიმეა, ხოლო ჩვეულებრივ GT3-ზე 15 კგ-ით მსუბუქი.
თუმცა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ახალი RS-ი წონის ნამატს სარბოლო ტრეკზე ვერ დაძლევს. კიდევ უფრო მომთხოვნი მომხმარებლისთვის კი Porsche GT3 RS-ის შემსუბუქებულ ვერსიასაც შემოგვთავაზებს, რომელიც Weissach-ის პაკეტის სახელით გამოვა. ამ ვერსიაში მეტი დეტალების „გაკარბონებით“ და მაგნიუმის დისკებით წონა 8 კგ-ით შემცირდება. დიახ, ტრეკზე თითოეულ კგ-ს მნიშვნელობა აქვს.
ახალი GT3 RS-ის შეკვეთას გერმანიაში 230 500 დოლარად შეძლებენ. მისი მიწოდება კი 2023 წელს დაიწყება.