Aa Aa
23 აგვისტო 2022  |  10:05

Hennessey Venom F5 როდსტერი 1 817-ცხენისძალიანი მხეცია

Hennessey-მ ახლახან თავისი უახლესი ნაწარმი, Venom F5 Roadster-ი გამოაგორა. ეს არის მანქანა, რომელიც შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიულად წარმოებული კაბრიოლეტი იყოს.

ამ ავტომობილის ფორმალური დებიუტი 2022 წლის მონტერეის საავტომობილო კვირეულზე უნდა გაიმართოს. ახალი Venom F5 Roadster-ი „ჰენესის“ ახალი ჰიპერავტომობილის ღიასახურავიანი ვერსიაა. ამ მოდელის დებიუტი ორი წლის წინ შედგა. 24 თვიანი მუშაობის შედეგი კი ისაა, რომ კაბრიოლეტს წარმადობა არ შეუმცირდა.



ეს ნიშნავს, რომ F5 Roadster-ი თავისი, ძმის მსგავსად, 6.6-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი. ეს აგრეგატი რეგულარულ საწვავზე მუშაობისას 1 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაღალოქტანიანი საწვავის დაწვისას სიმძლავრე 1 817 ცხენის ძალასაც აღწევს. მაბრუნი მომენტი კი 1 680 ნიუტონ მეტრს შეადგენს. მძლავრი აგრეგატი, რომელიც Fury-ის სახელითაა ცნობილი, 7-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთანაა დაწყვილებული. სიმძლავრეს ის უკანა ბორბლებზე მიმართავს.

როდსტერის სახურავი კარბონისგან არის დამზადებული და მისი მოხსნის შემდეგ ის სახლში ან ფარეხში უნდა შეინახოთ. სამწუხაროდ, ავტომობილს ამ დეტალისთვის გამოყოფილი ადგილი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ გარეთ გადაადგილებისას წვიმისგან დაცული არ ხართ. თუ, რა თქმა უნდა, სახლში არ დაბრუნდებით. Hennessey-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორპუსის გასამაგრებლად ავტომობილის წონა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. კუპე 1 360 კგ-ს იწონის, ხოლო როდსტერი 1 390-ს.



ფურცელზე ეს მონაცემები საოცრად გამოიყურება. ეს ნიშნავს, რომ საქმე მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ღიასახურავიან მანქანასთან გვაქვს. თუმცა, იქამდე სანამ ეს სატესტო გარბენი მოეწყობა კომპანიას ბოლო დეტალები აქვს დასახვეწი. კომპანია გვპირდება, რომ როდსტერი ვერსია 300 მილიან ბარიერს (482 კმ/სთ) გადალახავს.

F5-ის როდსტერი ვერსია ექსკლუზიურიც იქნება. Hennessey სულ 30 ასეთ ეგზემპლარს გამოუშვებს. თითოეულის საწყისი ფასი კი 3 მილიონი დოლარი იქნება. საწარმოო ხაზი ტექსასშია მოწყობილი. მსურველები კი სასურველი ვიზუალისა და მახასიათებლების როდსტერს წლის ბოლოს მიიღებენ.

გაზიარება: