აუქციონი, Bugatti, Type 57SC
Aa
Aa

1937 წლის Bugatti Type 57SC Atalante 10-მილიონიანი ავტომობილია

ჩვენს პორტალზე საოცრად იშვიათ და ძვირადღირებულ ავტომობილებზე ხშირად ვწერთ. თუმცა, დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მალე გასაყიდად ავტოინდუსტრიის ნამდვილი მარგალიტი გამოდის. ასეთი სტატუსი დამსახურებულად 1937 წლის Bugatti Type 57SC Atalante-ს ეკუთვნის. წინასწარი შეფასებებით ეს ავტომობილი 10-12 მილიონ დოლარამდე უნდა გაიყიდოს.

ამ Type 57-ის ცხოვრება S ვერსიით იწყება. 1937 წელს, პირველ მფლობელთან მიწოდებიდან მალევე ის მოლშეიმში დაბრუნდა. მიზეზი კომპრესორის დამატება გახლდათ. ასე და ამგვარად ეს ავტომობილი პირველ 57SC-დ ითვლება.



კომპრესორის დამატების შემდეგ მანქანის სიმძლავრე 200 ცხენის ძალით განისაზღვრა. ამ მონაცემით, მეორე მსოფლიო ომამდე ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მანქანა იყო. თუმცა, 57SC-ი მხოლოდ სწრაფი ავტომობილი არ გახლდათ. მანქანა თავისი დიზაინით, სტილითა და ტექნოლოგიით თავის დროს უსწრებდა. ძრავას ე.წ. მშრალი ზეთის ავზი გააჩნდა. საპოხი საშუალების მიმოქცევის ამგვარი ტიპი თანამედროვე სპორტულ ავტომობილებს გააჩნიათ.



57S-ში სახელი S-ი surbaissé-ს აღნიშნავს, რაც ფრანგულად დაბალს ნიშნავს. Type 57S-ს უამრავი დიზაინერული დეტალები აქვს იმისთვის, რომ მძღოლი და მგზავრი მიწასთან რაც შეიძლება ახლოს ისხდნენ. გონდოლას ფორმის ჩარჩო და მოდიფიცირებული სექციები კი ე.წ. „სთენსის“ დგომის ვიზუალს გვაძლევს. Bugatti-მ მოდელი მსუბუქი გამშვები სისტემით, de Ram-ის ამორტიზატორებით და მაღალი წნევის დგუშებით აღჭურვა. ეს ყველაფერი იმისთვის, რათა სიმძლავრის გაუმჯობესებას შესაბამისი მექანიკური მხარდაჭერა ჰქონოდა.

57S Atalante-ს ყველა ეგზემპლარი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამ კონკრეტულ მოდელს უზარმაზარი Scintilla მაშუქები გამოარჩევდა. უკან კი ბოლომდე დადაბლებული ფრთები აქვს. კორპუსის ინდივიდუალური ფორმები და გასაოცარი ინჟინერია არის ის, რის გამოც ეს მანქანა ავტოისტორიის ცოცხალი ნაწილია.


ჩვენს დღევანდელ გმირს რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული. მას ქარხნული ძარა, კორპუსი, ტრანსმისია და დიფერენციალი აქვს. გიკვირთ, რომ Type 57SC 10 000 000$ ღირს? ალბათ, აღარ...

მსგავსი სიახლეები