Bentley-ის ახალი Mulliner Batur-ი კომპანიის ყველაზე მძლავრი მოდელია
Bentley სრულად ელექტრო მოდელების გამოშვებაზე გადადის. თუმცა, ჯერჯერობით კომპანია შიგაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე უარს არ ამბობს. მეტიც, ახლახან ბრენდმა თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილი შექმნა.
Bentley Mulliner Batur-ის სახელით გამოშვებული მოდელი მდიდრული საკრუიზო ავტომობილია, რომელსაც კარგად ნაცნობი ორტურბინიანი 6-ლიტრიანი W12 ძრავა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს აგრეგატი თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის, ის ჯერ ცოცხალია. კომპანიამ ეს ძრავა ახალი შემშვებით, ტურბინებით, ინტერქულერებითა და სხვადასხვა კალიბრაციით გააუმჯობესეს. ასევე, გამშვები სისტემა ტიტანისგან არის დამზადებული.
ყველა ამ ცვლილების შემდეგ ეს W12 730 ცხენის ძალას და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს მონაცემი Continental GT Speed-ის მონაცემებზე 80 ცხენის ძალითა და 100 ნიუტონ მეტრით მეტია. ეს უკანასკნელი კი 0-დან 100-მდე 3.5 წამში ჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 335 კმ/სთ-ს შეადგენს.
Bentley თავისი ახალი ქმნილების, Batur-ის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯერ არ ასაჯაროებს. თუმცა, ცნობილია, რომ ახალი ძრავა ახალ 8-სიჩქარიან ავტომატურ კოლოფთანაა დაწყვილებული, რომელსაც ორმაგი ქურო აქვს. ასევე, მანქანა ოთხივე საბურავით მოუხვევს და ელექტრო თვითბლოკირებადი დიფერენციალიც ექნება.
ადაპტირებადია ჰაერის საკისრებზე მომუშავე დაკიდების სისტემა. ავტომობილის გაჩერებაზე კი კარბონ-სილიკონ-კარბიდის სამუხრუჭე სისტემა იზრუნებს. ეს რა არის არც ჩვენ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ მუხრუჭის ამ სისტემას წინ ათი დგუში და 440მმ-იანი დიამეტრის დისკი აქვს. უკან კი ოთხდგუშიანი სუპორტები და 410 მმ-იანი დისკია.
Bentley-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელის სტატუსის გარდა, Batur-ს თანამედროვე დიზაინიც გამოარჩევს. ამ ნაბიჯით კომპანია თავისი მომავლის დიზაინის ენას გვაცნობს. ამ ავტომობილის მაშუქები, ტრადიციული მაშუქებისგან, მნიშვნელოვნად განსხვავდება. საკულტო ფორმა, უზარმაზარი კაპოტი და განიერი უკანა ფრთები ადგილზეა. სხვა მხრივ, კი Batur-ი სრულად ახალ სტილს ატარებს.
აქტიური უკანა სპოილერი და ახალი 22-იანი დისკები კიდევ ერთი გამორჩეული დეტალია. მყიდველებს წინა აეროდინამიკური ტუჩის, ლარტყებისა და დიფუზორის დამატებაც შეეძლებათ. ყველა ეს დეტალი კარბონისგან და კომპოზიტური მასალისგან იქნება დამზადებული.
Batur-ის წარმოება შეზღუდული იქნება და ის 18 ეგზემპლარს მოიცავს. თითოეულის საწყისი ფასი თითქმის ორი მილიონი დოლარი იქნება და ორი ერთნაირი მოდელი არ იარსებებს. მომხმარებლებს თითქმის ყველა დეტალის პერსონალიზაციის საშუალება ექნება, მათ შორის სალონშიც. ამ ავტომობილის ინტერიერი ზუსტად ისეთი ნატიფი დიზაინისაა, როგორსაც Bentley-სგან ველით.
როდესაც მყიდველები მათთვის იდეალურ მოდელს შეუკვეთავენ მოდელს Mulliner-ი ჩაიბარებს და ხელნაკეთ დეტალებს შექმნის. Batur-ის მიწოდება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.