Koenigsegg-ის ახალი ფანტასტიკა - 1 385-ცხენისძალიანი CC850 მექანიკური კოლოფით
CC8S-ის, კომპანიის პირველი სერიული სუპერქარის გამოშვებიდან 20 წლის შემდეგ Koenigsegg-მა ამ მოდელის სულიერი მემკვიდრე შექმნა. CC850-ის სახელით გამოგორებული მოდელი Jesko-ს შასიზეა დაფუძნებული, თუმცა, ის ბევრი დეტალით განსხვავდება.
ახალი CC850-ის პრემიერას უშუალოდ ბრენდის დამაარსებელი გაუძღვა, რომელიც ადგილზე ორიგინალი CC8S-ით გამოჩნდა. კრისტიან ვონ კოენიგსეგმა ბრენდის საოცარი ისტორიები გაიხსენა და სხვადასხვა მოდელები მიმოიხილა. მან თქვა, რომ Jesko-ს ყველა მოდელი უკვე ამ ეტაპზე გაყიდულია. კომპანიის ახალი საწარმოო „ჰიპერქარი“ კი CC850 იქნება.
CC8S-ის მსგავსი ფორმების მქონე CC850 ბრენდის მომდევნო მნიშვნელოვანი ავტომობილი იქნება. კომპანიის დამფუძნებელი ამ მანქანის დიზაინს უკვდავს უწოდებს, რაც უდავოდ ჭეშმარიტებაა. სახელში რიცხვი 50 წარმოების ხაზის მასშტაბზე მიუთითებს. კომპანია ჯამში სულ 50 ეგზემპლარს შექმნის. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ეს მოდელიც საოცრად სწრაფად გაიყიდება. დიზაინთან ერთად მისი მთავარი სიდიადე ჯერ არნახული კონცეფციის მქონე მექანიკური კოლოფია.
ამ ტრანსმისიას კომპანიამ TWMPAFMPC-ი უწოდა და არა, ეს ასოები კლავიატურაზე ხელების უბრალო ტყაპუნით არ დაგვიწერია. ეს აბრევიატურაა და მისი სრული სახელწოდება ასე გამოიყურება - The World’s Most Powerful And Fastest Manual Production Car (მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და სწრაფი საწარმოო მანქანა მექანიკური კოლოფით). Koenigsegg-ი ჰიპერქარების მექანიკური კოლოფით აღჭურვის სირთულეზე საუბრობს. ამაზე სხვადასხვა რეგულაციები და ფაქტორები მოქმედებს. ეს საჭის ბერკეტებით გადასართავი ან მიმდევრობითი მექანიკური კოლოფი არ გეგონოთ. Koenigsegg-ის იდეა იყო, რომ ეს ტრანსმისია ზუსტად იმავე შეგრძნებების ყოფილიყო, როგორი შეგრძნებებიც ტრადიციულ მექანიკურ კოლოფს აქვს. ეს ნიშნავს, რომ მძღოლი ფეხში ქუროს დისკის გადასვლებს იგრძნობს, ხოლო ხელში სიჩქარეთა მონაცვლეობას.
ეს კოლოფი Lightspeed-ის მსგავსია, რომელიც Koenigsegg-ის სხვა მოდელებშიც გვინახავს. ის განახლდა ისე, რომ მისი მოხმარება 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფის მსგავსადაც შეიძლება. Lightspeed-ის ტრანსმისიას შიგნით 9 სიჩქარე აქვს. Koenigsegg-მა კი გამონახა ისეთი გზა, რომლის მიხედვითაც სიჩქარეთა შეფარდებები მართვის რეჟიმზეა დამოკიდებული.
ამ ინოვაციურ სისტემას KESS-ი ჰქვია, Koenigsegg Engaged Shift System-ი. მისი მეშვეობით ბორბლების ადგილზე ტრიალიც შეიძლება. ზუსტად ისე, როგორც ეს მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებში ხდება. საინტერესო ისაა, რომ ამ კოლოფს ჩვეულებრივი ავტომატური ტრანსმისიასავით მუშაობაც შეუძლია. ბერკეტზე D, N და R-ის სიმბოლოებიც ჩანს. დიახ, შესაძლოა საქმე ავტოინდუსტრიაში იდეალურ კოლოფთან გვაქვს.
CC850-ი უფრო მეტია, ვიდრე დიზაინი და ინოვაცია. მოდელი 1 385 ცხენის ძალასა და 1 385 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. უფრო მცირე ზომის ტურბინების გამო, ის Jesko-სავით მძლავრი არ არის, თუმცა მაინც გასაოცრად სწრაფი იქნება. მცირე ზომის ტურბინების დაყენებას კი ის დადებით მხარე აქვს, რომ აქსელერატორის სატერფულზე ფეხის დაჭერისას დაყოვნება საერთოდ არ არის. ამ ავტომობილის ტრეკზე გამოცდას და აჩქარებას კი ყველანი მოუთმენლად ველით.
როგორ შეაფასებდით Koenigsegg-ის ამ მაგიას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.