BMW, Alpina
Aa
Aa

Alpina B8 Gran Coupe ავტობანზე 327 კმ/სთ-ს თავისუფლად ავითარებს

მდიდრული სედანი თავისი 4.4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8-თი 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

შესაძლოა 2022 წლის Alpina B8 Gran Coupe-ს M-ის ემბლემები არ ამშვენებს, მაგრამ ეს ავტომობილი ნელი ნამდვილად არ არის. კორპუსის ქვეშ ის დიდ სიმძლავრეს მალავს, რომლის ამოფრქვევა BMW-ს სხვა სპორტული მოდელებისგან განსხვავებულია.

როგორც მოგეხსენებათ, მოდელი 4.4-ლიტრიანი ორტურბინიანი V8-თი არის აღჭურვილი. ის 612 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 2022 წლის B8 0-დან 100-მდე 3.3 წამში ჩქარდება და ის Alpina-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოდელია. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 323 კმ/სთ-ს შეადგენს.

ახლა კი ერთ-ერთმა ცნობილმა „იუთუბერმა“ ეს ავტომობილი გერმანულ ავტობანზე გატესტა. მანქანა 200 კმ/სთ-ს თვალის დახამხამებაში ავითარებს. რაც ყველაზე საინტერესოა, მისი მაქსიმალური სიჩქარე იმაზე მეტია, ვიდრე კატალოგშია ნაჩვენები. ამ სიჩქარის მისაღწევად მძღოლს რამდენჯერმე დამუხრუჭება მოუწია. ვიდეოში კი უმაღლესი დონის სტაბილურობა და მდგრადობაც ჩანს.

Alpina-ს ამ მოდელში მხოლოდ წარწერები და ბრენდირება არ შეუცვლია. კომპანიის სპეციალისტებმა Eibach-ის ამორტიზატორები, დაკიდების სისტემის უფრო მდგრადი შემაერთებლები, გაძლიერებული განივი მდგრადობის სტაბილიზატორი და განახლებული ქვედა A-სებრი ბერკეტი დააყენეს. დისკები Alpina-ს 20-იანი და 21-იანი დისკებით ჩაანაცვლეს. დამუხრუჭებაზე კი Brembo-ს სისტემა ზრუნავს.

შეუდარებელია Alpina-ს საფირმო კორპუსის დანამატები. მას ჰაერის უფრო დიდი ზომის შემშვები არხებიც გამოარჩევს. განახლებული დიზაინი აქვს მაყუჩებსაც. სალონი ხის გაფორმებით, ლურჯი აქცენტებით, ალკანტარითა და Alpina-ს წარწერებითაა დამშვენებული.

2023 წლის Alpina B8 Gran Coupe-ს საწყისი ფასი 144 900 დოლარია და ამ ფასად თქვენ ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილს შეიძენთ, რაც ამჟამად იყიდება. ეს არის მოდელი, რომელიც თავისი დიზაინით, სოლიდურობითა და კლასით გარანტირებულად მოგხიბლავთ. საჭირო მომენტში კი ადრენალინსაც ჭარბად მოგანიჭებთ.

მსგავსი სიახლეები