როდესაც VW-მა Golf-ი Lamborghini-ის, Bentley-ის და Audi-ის ნაწილებით აღჭურვა
ორი ტურბინა, 12 ცილინდრი და 650 ცხენის ძალა - ყველაზე ცხელი ჰეჩბეკი, რაც ოდესმე შექმნილა?
VW Group-ი ძალზედ დიდი კომპანიაა. ის უამრავ ავტომწარმოებელს აერთიანებს. მათ შორისაა Bentley, Lamborghini, Audi, Skoda და ა.შ. 2007 წლის ერთ მშვენიერ დღეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ ვინთერკორნმა, ინჟინრების გუნდი იხმო და მათთან ერთად საინტერესო პროექტი წამოიწყო. რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში Golf-ის „სუპერქარის“ იდეა დაიბადა. მარტინმა ამ წამოწყებას მწვანე შუქი აუნთო.
ამ ადამიანებმა Bentley Continental-ის ორტურბინიანი W12 ძრავა, Lamborghini Galardo-ს უკანა ხიდი, სამუხრუჭე სისტემა და Audi R8-ს უკანა ქვეჩარჩო Golf-ს მოარგეს. ასე და ამგვარად, Golf GTI W12-650 დაიბადა.
Golf GTI W12-650 უფრო მეტი გამოვიდა, ვიდრე ცალკეული დეტალებით შეერთებული ნაწარმი. მოდელის კორპუსის ფორმებზე დიზაინერებმა იმუშავეს და ესთეტიკურად გააგანიერეს. უკან ოთხი მაყუჩი ძალზედ ლამაზად იმზირებოდა. მთავარი, 650-ცხენისძალიანი 12-ცილინდრიანი აგრეგატი კი უკანა სავარძლების ადგილას იყო განთავსებული. მისი ჰაერით მომარაგება კარების უკან არსებული უზარმაზარი საჰაეროებით ხდებოდა. სიმძლავრის ასფალტზე დატანის პასუხისმგებლობას კი უზარმაზარი საბურავები იღებდა.
ყველა ამ დეტალის ჯამის ის იყო, რომ ამ პაწაწინა 3-კარიან გეჩბეკს 0-დან 100-მდე აჩქარება 3.5 წამში შეეძლო. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევდა.
VW-ის ინჟინრებმა ამ იდეის ხორცშესხმა 8 კვირაში მოახერხეს. ავტომობილში ჩაჯდომისას თქვენ „გოლფის“ საჭეს მოჰკიდებდით ხელს, „გოლფის“ მაჩვენებელთა დაფა დაგხვდებოდათ და ასევე „გოლფის“ საქარე მინაში მოგიწევდათ გახედვა. ეს ყველაფერი გაფიქრებინებდათ, რომ ჩვეულებრივ „გოლფს“ მართავდით. თუმცა, ეს ავტომობილი ყველაფერია, მაგრამ არა Golf-ი!
ასეთ პატარა ზომის მანქანაში ასეთი სიმძლავრის თავმოყრა მხეცური გადაწყვეტილება იყო. მის აქსელერატორზე ფეხის ბოლომდე დაჭერა ბირთვული ბომბის აფეთქების ხმას ჰგავდა. ამ მანქანით მოსახვევებს იმაზე სწრაფად მიუახლოვდებოდით, ვიდრე ამის გააზრებას მოახერხებდით. თუმცა, მოსახვევებში პრობლემები გექნებოდათ.
თვლებს შორის არსებული მოკლე მანძილის გამო Golf W12-650-ის მართვა საკმაოდ რთული იყო. სიმძლავრე ოთხივე საბურავზე ნაწილდებოდა. ეს ნიშნავს, რომ აქსელერატორის სატერფული ფრთხილად უნდა გეხმარათ. მცირე შეცდომის დაშვებას კი მანქანა არ გაპატიებდათ.
რთულად მართვადობა, წარმოების ძვირი ხარჯები და ავანტიურობა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ეს მოდელი მხოლოდ კონცეპტუალურად დარჩა. მისი სახით VW-მა გვაჩვენა თუ რამდენად გიჟური მოდელების შექმნა შეუძლია. Golf W12-650 კომპანიის ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება.