Subaru, პროექტი, Mitsubishi, Triton
Aa
Aa

Mitsubishi Triton-ის და Subaru Legacy-ის ნაერთი უცნაური SUV-ია

შეაერთო ორი ავტომობილი - საკმაოდ უცნაური იდეაა. ამ დებულებაში დონორი ავტომობილით მეორე ავტომობილის აწყობას არ ვგულისხმობთ. ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. თუმცა, დღეს ბევრად გიჟურ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელიც ადამიანის წარმოსახვის უნარს სცდება. სურათებზე Mitsubishi Triton-ისა და Subaru Legacy-ის ნაერთს ხედავთ, რომელიც უგზოობისთვის მომზადებული ჩანს.

Reddit-ის პლატფორმაზე გასაჯაროებული სურათი ყოველგვარი ინფორმაციის, ადგილმდებარეობისა და გარემოებების გარეშე გავრცელდა. აშკარაა, რომ სურათი ვიღაცამ მობილურ ტელეფონით, შუქნიშანზე გაჩერებისას გადაიღო. ქუჩაში არსებული დეტალებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანქანა რუსეთშია „დაპარკინგებული“. როგორც კადრში ჩანს ის სამანქანო გზის დიდ ადგილს იკავებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ავტომობილის იდენტიფიცირება ძალზედ რთულია.

წინა ნაწილში ის მეოთხე თაობის Mitsubishi L200/Triton-ია, რომელიც 2005-2015 წლებში გამოდიოდა. თუმცა, პიკაპის დარჩენილი ნაწილი უჩვეულოდ და ოდნავ არაორგანულად გამოიყურება. უკან მას L200-ის მაშუქები აქვს, მაგრამ საბარგულს სრულიად განსხვავებული ფორმა აქვს.

კორპუსის ზედა ნაწილი, მათ შორის სალონი აშკარად სხვა მანქანას ეკუთვნის, რომლის იდენტიფიცირებაც ერთი შეხედვით რთულია. დიზაინერულ შტრიხებზე დაკვირვების შედეგად კი ვხვდებით, რომ ეს კორპუსი 2003-2009 წლებში გამოშვებულ Subaru Legacy-ს ეკუთვნის. ამ ორი განსხვავებული მანქანის დაწყვილების სამუშაოები კი იოლი არ იქნებოდა. ფრთებისა და დაბოლოებების ასე ზუსტად გადაბმა მარტივი არ არის. აშკარაა, რომ Subaru-ს სალონი პიკაპის ორიგინალ სალონზე ტევადია. შესაძლოა მეპატრონეს ასეთი პროექტის იდეა სწორედ ამიტომ დაებადა.

საკმაოდ მაღალი კლირენსი და დიდი საბურავები მიანიშნებს იმაზე, რომ მანქანას Triton-ის ძარა აქვს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ კაპოტის ქვეშ 2.5-ლიტრიანი ტურბოდიზელი ძრავაა განთავსებული, რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გინახავთ სადმე ასეთ უცნაური პროექტი? გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები