იუთუბერმა Lamborghini Huracan STO დაამტვრია
ამ ავარიის ერთადერთი მსხვერპლი ტრეკისთვის შექმნილი სუპერქარია.
ამ ავტომობილს ბევრი აეროდინამიკული დანამატი, კარბონის მსუბუქი დეტალები და Brembo-ს მუხრუჭები აქვს. Lamborghini Huracan STO V10-ძრავიანი სუპერქარია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად არის აღჭურვილი, მის მართვას მაინც განსაკუთრებული უნარები სჭირდება და ეს ყველას არ შეუძლია.
ამ Huracan STO-ს იუთუბერი დარიუს დობრე ფლობს. ის ერთ-ერთია ძმები დობრეებიდან, რომლებსაც „იუთუბ“ არხი აქვთ. ამ არხს 10 მილიონი გამომწერი ჰყავს. ბოლო ვიდეოში ჩანს, როგორ მართავს ერთ-ერთი ძმა მიტოვებულ ტრასაზე სუპერქარს.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო. როცა Huracan-ი მაღალ სიჩქარეზე სტარტის ხაზთან მიდიოდა, მძღოლმა გვიან დაამუხრუჭა და სუპერქარი ღობეს შეეჯახა. ავარიაში არავინ დაშავებულა. განადგურდა ღობე და დაზიანდა სუპერქარი.
Huracan-ს ბამპერი და სარკეები დაუზიანდა. აქვს ნაკაწრები და სითხეც ჟონავს. მფლობელი/მძღოლი ავარიის შემდეგ შოკირებული დარჩა. მისი თქმით, ეს მისი პირველი ავარია იყო (თანაც $300,000-იანი სუპერქარით).
ეს ვიდეო კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მართოთ სუპერქარი. ამ ტიპის ავტომობილები სხვა „ჯიშისაა“ და პატივისცემას იმსახურებს. იუთუბერის თქმით, კი ის ამ ავტომობილით დაგვიბრუნდება. სავარაუდოდ, ძვირადღირებული სამუშაოების შემდეგ... ან შეიძლება Bugatti Chiron-ით...