Aa Aa
30 აგვისტო 2022  |  09:38

მსოფლიო რეკორდი - ელექტრო Zeekr 001-ის დრიფტი 207 კმ/სთ-ით

სრულად ელექტრო Zeekr 001-მა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ მოდელმა ელექტრომობილებში ყველაზე სწრაფი დრიფტი შეასრულა. ეს ყველაფერი არაა. ამ ავტომობილმა EV-ებში სლალომის რეკორდიც მოხსნა.

Zeekr-ი Greely-ის ქოლგის ქვეშ არსებული ბრენდია. 001 კი Lynk & Co Zero Concept-ის საწარმოო მოდელია. ყველაზე სწრაფი დრიფტის შესასრულებლად კი ეს EV-ი 207 კმ/სთ-დან მოწყდა.



მწარმოებელი ამ მიღწევით არ დაკმაყოფილდა და 50-კონუსიანი სლალომი 49.05 წამში დაფარა. ეს დრო კი ელექტრომობილებში საუკეთესო გახლავთ. ორივე რეკორდის დამხობას გინესის მსოფლიო რეკორდების წარმომადგენელი ესწრებოდა. გარბენები ჩინეთში მოაწყვეს.

Zeekr 001-ს ორი ელექტრო ძრავა აქვს, რომელიც ჯამურად 536 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. Shooting Brake-ის ტიპის მანქანა 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ-სთ-ზე მეტია. ეს ავტომობილი სრული დამუხტვით 700 კილომეტრს ფარავს.


აჩქარება ერთადერთი რამ არაა, რასაც 001 სწრაფად ასრულებს. მანქანას 360-კილოვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ასეთ დამმუხტველზე 5 წუთიანი შეერთების შემდეგ სვლის მარაგი 120 კილომეტრით გაიზრდება. Greely-ი 2023 წლისთვის ჩინეთში 2 200 დასამუხტ სადგურს მოაწყობს.

Zeekr-ის პირველი საწარმოო მოდელები ჩინეთში გასულ ოქტომბერს გამოვიდა. ავტომწარმოებელი ევროპულ ბაზარზე შესვლას 2023 წელს გეგმავს.

გაზიარება: