Nissan, GT-R, Supra, Skyline, Toyota, R34
Aa
Aa

საუკუნის დრაგი: Supra Vs R34 Skyline GT-R-ი

დრაგის რბოლებზე უამრავ სხვა ფაქტორთან ერთად მძღოლის უნარებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

როდესაც დრაგის რბოლებზე ვსაუბრობთ, წონისა და სიმძლავრის თანაფარდობას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევთ. თუ უფრო მძლავრი და მსუბუქი მანქანა უფრო მძიმესა და სუსტ მეტოქეს ეჯიბრება, მაშინ ეს უკანასკნელი თითქმის ყველა შემთხვევაში აგებს.

თუმცა, აქ სიტყვა „თითქმის“ ყველაზე საინტერესოა. მაგალითისთვის ეს დაპირისპირება ავიღოთ, რომელიც იუთუბერებმა მოაწყვეს. ვიდეოში 90-იანი წლების ორი საკულტო იაპონური ავტომობილი ეჯიბრება ერთმანეთს. ესენია A80 Toyota Supra და Nissan Skyline GT-R R34.

როგორც ამ მოდელების შემორჩენილი ეგზემპლარების უმეტესობა, ეს მანქანებიც მოდიფიცირებულია. A80-ს კარბონის კორპუსი გამოარჩევს. კაპოტი, ტრადიციულად, 2JZ-ს მალავს, რომელსაც ერთი უზარმაზარი ტურბინა დაუყენეს. აგრეგატი 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი კი 1 400 კილოგრამს იწონის.

რინგის მეორე მხარეს, მსგავსად მოდიფიცირებული Skyline GT-R R34-ია. ძრავას აქაც ერთი დიდი ტურბინა აქვს, მაგრამ გაცილებით ნაკლებს, 672 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა ამისა, 1 520 კილოგრამსაც იწონის, რაც მის კონკურენტზე მეტია.

როგორც მოგეხსენებათ Skyline GT-R-ი სიმძლავრეს ოთხივე ბორბალზე ანაწილებს. Supra კი უკანა წამყვანია. Nissan-ის დისკებზე Toyo R888R-ის ნახევრად „სლიკები“ იყო გადაკრული. Toyota კი Pirelli P-Zero-ს ქუჩისთვის გამოშვებული საბურავებით გადაადგილდებოდა. ორივე მანქანა მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი.

ქეროლ შელბის ერთხელ ნათქვამი აქვს, რომ „არ არსებობს ცხენის ძალების ზედმეტად დიდი რაოდენობა, არსებობს მხოლოდ არასაკმარისი მოჭიდება“. ამ დებულებაში ღრმა აზრი დევს, თუმცა ჭეშმარიტება ჩაღრმავების გარეშეც იკითხება. ქეროლ შელბის ამ ფრაზას კი ჩვენს დღევანდელ ვიდეოსთან (მაღლა) აუცილებლად დააკავშირებთ.

მსგავსი სიახლეები