Hyundai-მ 24 საათში Ioniq 6-ზე 37 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო
ეს სასწაული რეკორდი ახალი ელექტრომობილების დიდ მოთხოვნაზე მიანიშნებს.
გასულ კვირას Hyundai-მ განაცხადა, რომ თავის უახლესი ელექტრო მოდელის, Ioniq 6-ის წინასწარმა შეკვეთებმა პირველ დღეს 37 446 შეადგინა.
ეს კომპანიის რეკორდი გახლავთ. წინა რეკორდი Hyundai Ioniq 5-ს ეკუთვნის, რომლის ჯავშნებმაც 2021 წლის თებერვალში 23 760 შეადგინა. შედარებისთვის გეტყვით, რომ Kia EV60-ს პირველ დღეს 21 000 შეკვეთა ჰქონდა მოგროვებული.
ეს Ioniq 6-ის წარმატებას უფრო თვალსაჩინოს ხდის. როგორც ჩანს, ამ მოდელზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თანაც, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც შეკვეთების წიგნაკი მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა გახსნილი. ევროპული და ამერიკული ბაზრებისთვის მოდელი ჯერ არ იყიდება. ამ ქვეყნებისთვის მიწოდება 2023 წლის ბოლოს დაიწყება. მომხმარებლებმა კი მანქანის შესაკვეთად უნდა იჩქარონ.
და მაინც, რატომაა ასეთი მოთხოვნა Hyundai-ის ელექტრომობილზე?
Hyundai Ioniq 6-ის დებიუტი ივლისში, ერთ-ერთ ავტოჩვენებაზე გაიმართა. მოდელი ბატარეების ორი ვერსიით - 53-კვტ/სთ და 77.4-კვტ.სთ - გამოვა. ძალზედ კარგი აეროდინამიკის ხარჯზე კი მოსალოდნელია, რომ მანქანა სრული დამუხტვით 610 კმ-ს დაფარავს.
მსურველები ამ ავტომობილის შეძენას ერთი ან ორი ელექტრო ძრავით შეძლებენ. ერთძრავიანი ვერსია უკანა წამყვანია, ხოლო ორძრავიანი მოდელი სრულად ამძრავია. უმაღლესი კომპლექტაციის მქონე ვერსია 100 კმ/სთ-ს 5.1 წამში განავითარებს. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ ამ ავტომობილის მართვისას სახეზე ღიმილი გადაგეჭიმოთ.
Ioniq 6 E-GMP-ს ბაზაზე შექმნილი მოდელია. ეს ნიშნავს, რომ ამ ავტომობილის შესაძლებლობებში საოცრად სწრაფად დამუხტვასაც შედის. 10%-დან 80%-მდე დამუხტვა მას 18 წუთში შეუძლია. დიახ, თქვენს „სმარტფონზე“ სწრაფად.
სამხრეთ კორეაში ამ მოდელის საწყისი ფასი 39 000$ გახლავთ, რაც ელექტრო ავტომობილისთვის სრულად მისაღებია. მანქანის შიდა ბაზარზე მიწოდება სექტემბერშია დაგეგმილი.