Mercedes-Benz-ის ცხაურის ისტორია და განვითარება
Mercedes-ის „ცხვირის“ დიზაინმა ბოლო 12 ათწლეულში დიდი გზა განვლო.
ავტომობილის დიზაინში ცხაურა დიდ როლს ასრულებს. ამ დეტალით ბრენდის დიზაინერული ენა იკითხება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის დნმ-ის მსგავს ფუნქციას ასრულებს და მისი მეშვეობით მანქანის ამოცნობა შეიძლება.
ეს Mercedes-Benz-ის ცხაურასაც ეხება. ბრენდის ეს დეტალი შექმნიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავდაპირველი დიზაინი ვილჰელმ მაიბახს ეკუთვნის, რომელმაც 1900 წლის Mercedes 35 PS-ი ფიჭისებრი რადიოტორის დიზაინის ცხაურით აღჭურვა. ეს მეთოდი გაგრილების პრობლემას ხსნიდა. ამ გადაწყვეტით კი ბრენდის ცხაურის სტილის ეპოქას ჩაეყარა საფუძველი.
1931 წელს, როდესაც Mercedes-Benz 170 გამოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. პირველად მოხდა, რომ რადიატორი ცხაურის უკან დაამონტაჟეს. კონცეფცია გამაგრილებლის დაცვის იდეით იყო შექმნილი. ცხაურა კაპოტის ნაწილი გახდა. ასე და ამგვარად, ვარსკვლავიანი, ქრომირებული ცხაურა დაიბადა, რომელიც არამხოლოდ რადიატორს იცავდა, არამედ კომპანიის ერთ-ერთ მთავარ დიზაინერულ შტრიხად იქცა. ამ ნაბიჯის შემდეგ კი Mercedes-მა ამ დეტალის განვითარება დაიწყო.
1950-იან წლებში 300 SL “Gullwing-ი” ამ ცხვირის სტილითაც რევოლუციური იყო. ამ მოდელის ცხაურა კაპოტისგან განცალკევებული იყო. კომპანია ასეთ სტილს „სპორტული მანქანის სახეს“ უწოდებდა. ცხაურის შიგნით არსებული ზოლები გამარტივდა და ჰორიზონტალური გახდა.
2007 წელს Mercedes-მა ცხაურის მრავალფეროვანი დიზაინი შემოგვთავაზა. მათი შერჩევა მომხმარებელზე იყო დამოკიდებული. მსურველებს კლასიკური (Classic და Elegance) ან სპორტული (Avantgarde) ვერსიების არჩევა შეეძლოთ. ორივე ალტერნატივა C-Class-ში და E-Class-ში არსებობდა.
ელექტრომობილების ეპოქა კარს მოგვდგომია და Mercedes-Benz-მა დიზაინერული ენის შეცვლაც დაიწყო. ცხაურები აქაც საჭიროა, თუმცა, მათ სხვა ფუნქცია აქვთ. გაგრილების ნაცვლად ცხაურა ახლა ჭკვიანი ტექნოლოგიებისთვის სენსორულ ზედაპირს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს დეტალი დახურულია, რასაც აეროდინამიკურობაზე დიდი გავლენას აქვს.
როგორ ფიქრობთ, რომელ ათწლეულში იყო Mercedes-Benz-ის ცხაურა ყველაზე გამორჩეული? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.