ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო
პროექტის ღირებულება ₾527 მილიონია.
თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონი ლარია.
პროექტის კონტრაქტორია ჩინური კორპორაცია China Road and Bridge Corporation-ი. პროექტში ერთი კილომეტრის მშენებლობა ბიუჯეტს 13.2 მილიონი ლარი უჯდება.
ამ დროისთვის მიმდინარეობს წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები.
ცნობისთის: თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.
„თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა - ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.
წყარო: BM.ge