Honda, მნიშვნელოვანი ავტომობილები, Honda NSX
Aa
Aa

მნიშვნელოვანი ავტომობილები: 1990 წლის Acura NSX-ი

1980-იანი წლების დასაწყისში Honda-მ დიდი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. იაპონურმა მწარმოებელმა ყურადღება ეგზოტიკური სპორტული ავტომობილის შექმნას დაუთმო. თუმცა, გეგმა ისე უნდა შესრულებულიყო, რომ მანქანის საიმედოობა ეჭვქვეშ არ დამდგარიყო. 1983 წელს Formula 1-ში გამოჩენისას კომპანიას ამისთვის ამბიცია, იდეები და ყველანაირი რესურსი ჰქონდა. 

1984 წელს ინჟინრებმა შუაძრავიანი, უკანა წამყვანი მანქანის გამოშვება გადაწყვიტეს. ეს წინაძრავიანი და წინა წამყვანი მანქანებისგან რადიკალურად განსხვავებული კონცეფცია იყო. მათ თავიანთი იდეების გამოსაცდელად სატესტო Honda City-ის ჰეჩბეკში ძრავა შუაში განათავსეს. მოდელი საოცრად მანევრული იყო, მაგრამ ტექნოლოგიურად დახვეწილი მაინც არ გახლდათ.




მალევე Honda-ს ინჟინრებმა „საიდუმლო“ ავტომობილზე (კონცეფციას X-საც უწოდებდნენ) მუშაობა დაიწყეს. მათ სურდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თუ რამდენად დიდებული სპორტული ავტომობილის შექმნა შეეძლოთ. ასე და ამგვარად, 1985 წელს NS-X-ი დაიბადა. ადრეული სკეტჩებში მანქანას ძალზედ აგრესიული დიზაინი ჰქონდა, რაც Honda-ს არ ახასიათებდა. საჩვენებელი მოდელის ფორმებს კი ეტყობოდა, რომ ძრავა მძღოლის უკან იყო განთავსებული.

1986 წელს NS-X-ის პირველი მოდელის ასაწყობად ინჟინრები მცირე დილემის წინაშე იდგნენ. მათ მანქანა ფოლადისგან ან ალუმინისგან უნდა აეწყოთ. ფოლადი საწარმოო ხაზის ფინანსური წარმატებისთვის უკეთესი მასალა იქნებოდა. ალუმინის სიმსუბუქე კი უფრო მიმზიდველი იყო, თუმცა გაცილებით ძვირი ღირდა და რთულად გამოსაყენებელი იყო. საბოლოოდ, Honda-მ ახალ სპორტულ ავტომობილში მაინც ალუმინი გამოიყენა. ეს მწარმოებლის არსებობის ისტორიაში პირველი სრულად ალუმინისგან დამზადებული სერიული მოდელი გახლდათ.



მსუბუქი კორპუსის დაძლევას დიდი მოცულობის მძიმე ძრავა არ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ მოდელში V6 განათავსა. Honda-მ აშშ-ს ეს მანქანა Acura NSX-ის სახელით გააცნო.

რატომ აშშ? 1989 წელს NSX-ის დებიუტი სწორედ ჩიკაგოს ავტოჩვენებაზე გაიმართა. კომპანიის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ტადაში კუმემ თქვა, რომ პროტოტიპი Acura Legend-ის SOHC V6 ძრავით იყო აღჭურვილი. მან ინჟინრებს დაავალა, რომ 4-ცილინდრიანი VTEC-ის სისტემა NSX-ის V6-ისთვისაც შეექმნათ. კრიტიკოსებმა, რომლებმაც ამ მოდელის პროტოტიპი მართეს აღნიშნეს, რომ მანქანას სიმძლავრე აკლდა.

საინტერესო ისაა, რომ Honda-ს გუნდს ამ ავტომობილის დასახვეწად ლეგენდარული აირტონ სენა დაეხმარა. ის Suzuka-ს გზებზე, Honda-ს ახალ ბოლიდთან ერთად, NSX-საც სცდიდა. კერძოდ კი ინჟინრების გუნდს ის კორპუსის სიხისტის განვითარებაში დაეხმარა.


„არ მგონია, რომ ჩემი რჩევები საწარმოო მოდელის შექმნაში დაგეხმაროთ,“ - განუცხადა გუნდს სენამ. „...მაგრამ მანქანა ოდნავ მყიფეა.“

ის, რაც 1990 წელს ავტოსამყარომ იხილა ნამდვილი სასწაული იყო - სუპერქარი ყოველდღიური გადაადგილებისთვის, რომელმაც 15 წელი იცოცხლა. მოდელმა იაპონიის დიდ ეკონომიკურ კრიზისსაც გაუძლო. უამრავი ადამიანისთვის NSX-ი საუკეთესო იაპონური ავტომობილია.

დღეს ამ მოდელის შეძენა ადვილი არ არის. წლების გასვლასთან ერთად ამ ავტომობილის ღირებულებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაბალგარბენიანი, მოვლილი და გამართული ეგზემპლარის საშუალო ფასი დღეს 90 000$-ია. ამ ავტომობილის მყიდველი კი არც ერთი ცენტის გადახდას ინანებს. 

მსგავსი სიახლეები