ექსპერიმენტალური ბარბაროსი Buick-ისგან
ძრავის ღრიალი, მაღალპროფილიანი საბურავების ჭრიალის ხმა და უხეში ფორმების მქონე ძარა - ეს ყველაფერია, რაც თანამედროვე ავტომოყვარულებს ძალიან აკლიათ, ხოლო 80-იანი წლების ამერიკას ეს ყველაფერი მოჭარბებულადაც კი ჰქონდა. ამ პერიოდში უამრავი საკულტო ავტომობილი შეიქმნა, თუმცა Buick Regal GNX-ი ნამდვილად ყველასგან გამორჩეული იყო.
ეს ავტომობილი ნაჯახიან ბარბაროსს ჰგავდა, რომელიც მზად იყო, რაც გზაზე გადაეღობებოდა მალევე გაენადგურებინა. საქმე მხოლოდ ვიზუალში არ იყო, მისი შიგნეულობაც ბარბაროსულ წესებს მკაფიოდ მიყვებოდა. მოცემულ პერიოდში ამერიკული საკულტო მოდელების უმრავლესობა V8 ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა GNX-ის შემთხვევაში საქმე V6 ტიპის ძრავასთან გვქონდა, რომელსაც ტურბო ჰქონდა მორგებული. ასე ხდება, როდესაც დახმარების თხოვნით Buick-ი Mclaren-ს მიმართავს. ძრავის მოცულობა 3.8 ლიტრს შეადგენდა და მას 280 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლო, მაბრუნი მომენტი კი სულ რაღაც 3 000 ბრუნზე 488 ნიუტონს აღწევდა. აჩქარების დროით თუ ვიმსჯელებთ, 80-იანი წლების ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი ჩქარი ავტომობილი იყო, რადგან 100-მდე 5.9 წამში ჩქარდებოდა. მიუხედავად ავტომობილის დიდი გაბარიტებისა, მისი წონა 1 470 კილოგრამს შეადგენდა, რაც მას სისხარტეში ძალიან ეხმარებოდა.
სტანდარტულ მოდელთან შედარებით, GNX-ის უკანა დაკიდების სისტემა შეცვლილი იყო, რადგან დიდი ძალის გამო გზის საფართან მეტი მოჭიდება იყო საჭირო. წინა დაკიდებაზე ინჟინრებს არ უმუშავიათ, იგი ხელუხლებელი დატოვეს, როგორც თვითონ ხუმრობდნენ, მაინც აზრი არ ჰქონდა, რადგან ცხოვრების ნახევარს მაინც ჰაერში გაატარებდა.
Buick Regal-ს ბაზა Chevy Monte Carlo SS-ისგან ჰქონდა აღებული, თუმცა Mclaren-ის ჩარევით მასზე გაცილებით სპორტული და სწრაფი გამოვიდა. აღნიშნული ავტომობილი 547 ერთეული გამოუშვეს და მას GNX-ი დაარქვეს, რაც Grand National Experimental-ის აბრევიატურა იყო.