G Power-ის BMW M5 CS-ი 888-ცხენისძალიანი ქარიშხალია
ამ სედანის მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ია.
G Power-ი კიდევ ერთი მძლავრად მოდიფიცირებული მოდელით დაბრუნდა. ამჯერად, კომპანიამ BMW-ს უახლეს M5-ზე იმუშავა. ეს M5 კი სტანდარტული არაა - ის CS ვერსია გახლავთ. „ტუნინგ“ ატელიეს მიერ გასაჯაროებული ახალი ბავარიული მონსტრი G5M CS Hurricane RR-ის სახელით წარადგინეს. ისედაც სწრაფ და საოცრად მძლავრ M5 CS-ს უამრავი მოდიფიკაცია ჩაუტარეს. ეს ნიშნავს, რომ მანქანა თავის სახელს სრულიად ამართლებს. მას ქარიშხალის ეფექტი ექნება.
ყველასთვის კარგად ნაცნობი 4.4-ლიტრიანი ტურბინიანი V8 ძრავა ახლა 888 ცხენის ძალასა და 1 050 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს G-Power-ის მაგია გახლავთ. შეგახსნებთ, რომ CS-ი ქარხნულად 672 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ასეთი შედეგი G-Power-მა ძრავის შიგნეულობის გაუმჯობესებით მიიღო. დამატებითი სიმძლავრისთვის შეცვლილია ძრავის დგუშები, ტურბინები და ბევრი სხვა დეტალი.
„ტუნინგ“ ატელიემ იმუშავა დამშვებ სისტემაზეც. მანქანას G Power-ის DeepTone გამშვები სისტემა აქვს, რომელიც მოდელს უნიკალურ ჟღერადობას აძლევს. ამ M5-ზე GP-900-ის პროგრამაც ჩაწერილია, რაც ძრავის მუშაობის პარამეტრებს ცვლის. ყველა ამ მოდიფიკაციის შედეგი ისაა, რომ ამ სედანის მაქსიმალური სიჩქარე 333 კმ/სთ-ს შეადგენს.
თუ 888 ცხენის ძალა მომხმარებლისთვის ზედმეტად ბევრი იქნება, მაშინ G-Power-ი მათ G5M CS Hurricane RS-ს შესთავაზებს. შედარებით მოკრძალებული ვერსიის სიმძლავრე 840 ცხენის ძალა იქნება.
ორივე მოდიფიკაციაში შეცვლილი იქნება ვიზუალიც. მოდელები G-Power-ის ტრადიციული სტილის დისკებით იქნება წარმოდგენილი, საბარგულზე დამატებით ფრთა ექნება, ხოლო კაპოტი კარბონისგან იქნება დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ნამდვილი მხეცია, ეს დიზაინერული შტრიხები (ისედაც განსხვავებულ CS-ზე) ცნობილი კერძის - აჯაფსანდალის ასოციაციას იწვევს. შესაძლოა ეს საკამათო აზრიც იყოს.
თქვენ როგორ მოგწონთ G5M CS Hurricane RR? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.