მანქანა სამოთხიდან - 852-ცხენისძალიანი Pagani Utopia მექანიკური კოლოფით
ავტომოყვარულები ამ დღეს დიდი ხანია ველით. Pagani-მ Huayra გააცილა და მისი მემკვიდრე გაგვაცნო. მეგობრებო, თქვენ წინაშეა 2023 წლის Pagani Utopia. ეს სახელი ამ ავტომობილს უზუსტესად აღწერს. Utopia-ს 852 ცხენის ძალა აქვს. ამ სიმძლავრის საკონტროლებლად კი მძღოლის განკარგულებაში 7-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფია.
სტილი, რომლის სრულყოფისთვისაც ბრენდი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა, Pagani-ის დიზაინერულ ენას სრულად შეესაბამება. მოდელს კუდის ცენტრში განთავსებული მაყუჩები, მაღლა აწეული ფრთები და ნავის კუდისებრი უკანა ნაწილი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ Pagani-მ დიზაინი არ განაახლა. ზოგადი ვიზუალი, წინამორბედთან შედარებით, უფრო თავდაჭერილია. უკანა ნაწილში ხიდის ფორმის ფრთები გვაქვს, რომელიც მაყუჩებთან და ჰაერის საოცრად ესთეტიკურ არხებთან არის დაკავშირებული. ასევე, უკანა მაშუქები ავიაგამანადგურებლის ძრავის დიზაინის შთაგონებითაა შექმნილი. ეს იმ დეტალების მცირე ჩამონათვალია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ავტომობილს სული და უნიკალურობა აქვს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ გარეთა სარკეების საოცარი ფორმაც. ხოლო დისკების დიზაინი წარმოსახვის ყველანაირ საზღვარს სცდება.
სალონში მოხვედრისას აზრს ნამდვილად არ შეიცვლით. იქ Pagani-ის ტრადიციული ატმოსფერო სუფევს - მრგვალი საჰაეროები, ალუმინის უამრავი დეტალი, ღია ცისფერი განათება, უმაღლესი ხარისხის ტყავი და უნიკალური დიზაინი. თუმცა, გაუმჯობესებული სტილი, საოცარი ვიზუალის მქონე სიჩქარის ბერკეტი, განახლებული კოკპიტი და ცენტრალური კონსოლი Huayra-ს მფლობელს ამ ავტომობილის შეძენის სურვილს აუცილებლად გაუჩენს. ყველაზე მთავარი - კოკპიტზე უზარმაზარი სენსორული ეკრანი უბრალოდ არ გვაქვს! ერთადერთი, რაც Utopia-ს ციფრული აქვს, ძველი სკოლის სპიდომეტრსა და ტაქომეტრს შორის არსებული ეკრანია. ეს რეტრო და თანამედროვე დიზაინის იდეალური შერწყმაა, რომელიც Pagani-ის გასაოცრად გამოსდის.
მიუხედავად ყველაფრისა, Pagani Utopia-ს სალონის უმთავრესი ელემენტი მექანიკური კოლოფის ქრომირებული ბერკეტია. შეგახსენებთ, რომ Zonda-ს ადრეული მოდელები 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფით იყო აღჭურვილი. Huayra-ს კი სიჩქარეების გადასართავი მექანიზმი საჭეზე ჰქონდა. მოგვიანებით კი Pagani-მ 7-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი შემოგვთავაზა. Utopia-ში კი კომპანიამ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო: მოდელი ავტომატური და მექანიკური კოლოფებით იქნება ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილების შედეგი ისაა, რომ მექანიკური ტრანსმისიით აღჭურვილი Utopia, წინამორბედ Huayra-ზე, 70 კილოგრამით მჩატეა და 1 280 კგ იწონის.
და ძრავა? იმედები აქაც არ გაგიცრუვდებათ. Utopia AMG-ს 6-ლიტრიან V12-ს მალავს, რომელსაც ორი ტურბინა აქვს დამატებული. სიმძლავრე თითქმის 900 ცხენის ძალასა და 1 100 ნიუტონ მეტრს შეადგენს. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ პიკური სიმძლავრე 2 800 ბრუნიდან არის ხელმისაწვდომი. ძრავის მაქსიმალური ბრუნი კი წუთში 6 700-ა. წარმადობაზე დეტალები არ გასაჯაროებულა. ის, რაც დამატებით ძალოვან აგრეგატზე ვიცით არის ის, რომ მანქანა გამონაბოლქვის ნებისმიერ რეგულაციას აკმაყოფილებს. მათ შორისაა კალიფორნიის მკაცრი კანონებიც.
ზემოთ Utopia-ს დაკიდების სისტემის კომპონენტების სურათს უყურებთ. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშს კორპუსი ფარავს და მისი ნახვა მხოლოდ ავტომობილის აწევის შემდეგ არის შესაძლებელი. თითოეულ ქვეჩარჩოს აქ ალუმინის ნაწრთობი ორბერკეტიანი საკიდარი აკავშირებს. ამორტიზატორები და ზამბარები Pagani-ის მიერაა შემუშავებული და „ნახევრად აქტიურია“. ეს ნიშნავს, რომ Utopia ტრეკზე ხისტი იქნება, ხოლო საქალაქო გზებზე კომფორტული (რა თქმა უნდა, სიტყვა კომფორტული „სუპერქარის“კვალობაზეა ნაგულისხმევი).
და ფასი? ამ ავტომობილის შეძენის მსურველებმა მინიმუმ 2.19 მილიონი დოლარი უნდა გაამზადონ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი Utopia-ს სანაცვლოდ გადახდილ არც ერთ ცენტს არ ინანებენ.