Subaru, Crosstrek
Aa
Aa

2023 წლის Subaru Crosstrek-ს დიდი მონიტორი აქვს და უკეთესი სამართავია

გარკვეულ ბაზრებში ეს მოდელი XV-ის სახელით აღარ გამოვა.

თუ ხელმისაწვდომი, გამძლე, ეკონომიური და პრაქტიკული SUV-ის ფლობა გსურთ Subaru XV/Crosstrek-ი ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია. ეს საქართველოში კარგად იციან, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ავტომობილის სიმრავლით გამოიხატება. ამ სტატიაში კი XV/Crosstrek-ის ხაზის ახალ მოდელზე ვისაუბრებთ.

2022 წლის North American International Auto Show უკვე დაწყებულია, მაგრამ Subaru-მ ახალი Crosstrek-ის დებიუტის ჩატარება იაპონიაში გადაწყვიტა. მესამე თაობის მოდელში „ქროსოვერმა“ სახელი XV-ი ჩამოიცილა. ეს ნიშნავს, რომ გლობალურ ბაზარზე მოდელი Crosstrek-ი სახელით გაიყიდება. მანქანა იმავე პლატფორმაზე (SGP) პლატფორმაზეა დაფუძნებული, მაგრამ მნიშვნელოვნად განახლდა.



წინამორბედთან შედარებით, ახალი მოდელი უფრო ხისტია. მისი ჩარჩოს შექმნისას ზუსტად ისეთივე ტექნიკა გამოიყენეს, როგორც WRX-ში გვხვდება. კორპუსის ზედა ნაწილი და კორპუსის ქვედა სტრუქტურები ცალ-ცალკე აღარ იწყობა. ეს ნიშნავს, რომ უსწორმასწორო საფარზე გადაადგილებისას მანქანა უფრო სტაბილურია, რაც სალონშიც იგრძნობა.

სრულად შეცვლილი და განახლებულია ექსტერიერის დიზაინი. Crosstrek-ი ახლა უფრო მოჭუტული თვალებით იყურება და აგრესიული გამოხედვა აქვს. მაშუქების კონტური ცხაურას უერთდება და წინა სარტყელს უფრო საინტერესოს ხდის. ბამპერების და ბორბლის თაღების ფორმით კი მოდელი Outback Wilderness-ს მოგვაგონებს, რაც კომპლიმენტია.



ცვლილებებია სალონშიც. კოკპიტი მულტიმედიის ახალი სისტემითა და მონიტორით არის აღჭურვილი, რომლის ზომაც 11.6 დუიმია. ეს სისტემა Subaru-ს სხვა მოდელებში უკვე ვიხილეთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ Crosstrek-ის სალონს ეს დეტალი აკლდა.

2023 წლის Crosstrek-ში შეცვლილია სავარძლებიც, რომელიც კომფორტულიცაა და მოსახვევებში მძღოლსა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს იჭერს. ინჟინრებმა ხმის იზოლაციაზეც იმუშავეს. ტექნოლოგიურად კი მოდელი უახლესი EyeSight-ით დატვირთეს. მესამე თაობის Crosstrek-ს LED-ი მაშუქები აქვს, რომელიც საჭის მოძრაობასთან ერთად უხვევს.

გაბარიტების მხრივ, ახალი Crosstrek-ი წინამორბედზე 15 მმ-ით გრძელია. დანარჩენი პარამეტრებით კი იდენტურია. მოდელი ალუმინის 18-იანი დისკებითაა აღჭურვილი. მანქანის წონა, კომპლექტაციის მიხედვით, 1 540-1 620 კგ-მდე მერყეობს.

Subaru ახალი Crosstrek-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ საუბრობს. კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული Crosstrek-ი e-Boxer-ის ძალოვანი აგრეგატით გამოვა. ეს 2.0-ლიტრიან ბენზინის ძრავას და ელექტრო აგრეგატს აერთიანებს.

ახალი თაობის Crosstrek-ი თავდაპირველად იაპონურ ბაზარზე გაიყიდება. ფასი კი ჯერ არ არის გასაჯაროებული.

მსგავსი სიახლეები