Lamborghini, Aventador, Liberty Walk
Aa
Aa

Liberty Walk-ის უახლესი Aventador-ი ყველაზე მხეცური Lambo-ა

საავტომობილო სამყარო Lamborghini Aventador-ის მემკვიდრეს მოუთმენლად ელის. ახალი ფლაგმანური „სუპერქარის“ გამოსვლამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. გარდაუვალია, რომ ახალი მოდელი თავის წინამორბედზე სწრაფი და მძლავრი იქნება. კომპანია Aventador-ს Ultimae ვერსიის გამოშვებით აცილებს. Liberty Walk-მა კი თითქმის ლეგენდად ქცეულ მოდელს თავისებური პატივი მიაგო. სიტყვა „თავისებურს“ აქ უდიდესი დატვირთვა აქვს.

Liberty Walk-ი იაპონური „ტუნინგ“ ატელიეა, რომელიც მოდიფიცირებულ სუპერავტომობილებს ხშირად გვთავაზობს. ახლახან კომპანიამ საკულტო იტალიური სპორტული მანქანისთვის GT EVO-ის სახელით გამოშვებული კორპუსის დანამატები შემოგვთავაზა. ეს შავი მხეცი კი ბოლო ავტომობილია, რომელიც ამ დიზაინით გამოვა. 

დავიწყოთ ცხვირით, სადაც Liberty Walk-მა Lambo-ს უზარმაზარი „ტუჩი“ დაუყენა. ეს დეტალი ბამპერზე გადმოდის და თითქმის წინა ფრთამდე ადის. სრულად განსხვავებული დიზაინისაა კაპოტი, რომელსაც აეროდინამიკური ჭრილები აქვს. წინა ფრთებზე დამატებულია ფარფლებიც.

ასეთივე დრამატული ვიზუალისაა მანქანის პროფილი, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება. ბორბლის თაღებზე დამატებით გამოკვეთილი პანელები გვაქვს, რომელსაც სარბოლო ხასიათის დისკები ავსებს. მეტი პიკანტურობისთვის Aventador-ს ჰაერის საკისარზე მომუშავე დაკიდების სისტემაც აქვს. ფაქტობრივად, Liberty Walk-მა ისეთი დიზაინი შექმნა, რითაც მოდელი Veneno-ს ემსგავსება. Veneno-სა და ამ Lambo-ს ფასს შორის კი რამდენიმე მილიონიანი სხვაობაა.

ყველაზე გადატვირთული მხარე მანქანის უკანალია. უკანა ბორბლების თაღიდან წამოსულ ფრთაზე ზემოდან სახურავიდან წამოსული ჰაერის მჭრელი ადევს. ქვემოთ კი იმდენად დიდი დიფუზორი გვაქვს, რომ ფრთების ამგვარ დიზაინს ჩრდილავს.

ბოლოს კი სიტყვა „თავისებურს“ დავუბრუნდეთ. Liberty Walk-ის ნებისმიერი ქმნილება პურისტებისთვის ნამდვილი კოშმარია. თუმცა, მათი იდეები ჩვენში არსებულ 9 წლის ავტომოყვარულს აღვიძებს, რაც უდავოდ სასიამოვნო შეგრძნებაა.

თქვენ როგორ მოგწონთ ეს შავი მხეცი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები