ეს „ფოტოშოპი“ არაა - VW Lamando 5XL-ი სიგანეში სამი მეტრია
Volkswagen-ი ჩინეთში კომპაქტურ სედანს ყიდის, რომელსაც Lamando L-ი ჰქვია. ეს Jetta-ს სპორტული ვერსიაა - ზუსტად ისე, როგორც Passat-ისთვის Arteon-ია. Lamando L-ს ბორბლებს შორის უფრო დიდი მანძილი აქვს, ვიდრე Jetta-ს. თუმცა, TikTok-ის ერთ-ერთ მომხმარებელი ამ მანქანის გაბარიტებმა არ დააკმაყოფილა და უფრო დიდი ავტომობილის შექმნის იდეა გაუჩნდა.
@justinbuildcars-მა ამ ნამუშევარს „Lamando 5XL-ი“ უწოდა. ალბათ, პირველივე დანახვისას იფიქრებდით, რომ ეს „ფოტოშოპით“ იყო შექმნილი, მაგრამ ეს მანქანა რეალურად არსებობს. არ გჯერათ? მაშინ ქვემოთ არსებული ვიდეო გახსენით.
ამ საპროექტო ავტომობილის სიგანე 3 მეტრია. ეს უცნაური Lamando სტანდარტული 1.8-მეტრიანი Lamando L-ის ორ გადაბმულ ვერსიას ჰგავს. ამ მანქანას „განიერკორპუსიანი“ მოდელები სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს.
Lamando 5XL-ს დამატებითი სავარძლების ხარჯზე 8 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თუმცა, მანქანის მფლობელი ამტკიცებს, რომ ამ ავტომობილში 10 ადამიანის თავისუფლად მოთავსება შეიძლება.
სამუშაო, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად არის გაწეული, ძალზედ შთამბეჭდავია. ექსტერიერიც და ინტერიერიც ისე გამოიყურება თითქოს ქარხნული იყოს. ნიშნები, რომლებიც მანქანის გაბარიტების არაქარხნულობაზე მიუთითებს საერთოდ არსად არ აღინიშნება. მეტიც - მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მხოლოდ ერთ მხარესაა გაგანიერებული, კორპუსი მაინც სიმეტრიულია.
თუმცა, რამდენად კარგი სამართავი იქნება Lamando 5XL-ი? სამწუხაროდ, ამ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ძრავის განყოფილებაში კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდი სიცარიელეა მგზავრის მხარეს. ამ დეტალს მანქანის დინამიკურობაზე აუცილებლად ექნება გავლენა.
ისურვებდით ასეთი გაბარიტების მქონე მანქანას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.