BMW, Alpina, X7
Aa
Aa

2023 წლის Alpina XB7-ს X7-ზე მეტი ცხენის ძალა აქვს

Alpina-მ უახლესი X7-ის გაუმჯობესებული ვერსია უკვე გაამზადა.

BMW-მ განახლებული X7 აპრილში წარმოგვიდგინა. სულ რამდენიმე თვეში კი Alpina-მ უკვე მისი ვერსია შემოგვთავაზა. მაშუქები ამ ავტომობილსაც გაყოფილი აქვს. XB7-ს უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს, ვიდრე მის დონორ ავტომობილს.

ავტომობილის წინა ნაწილი თითქმის უცვლელია. წინ ისევ გიგანტური ცხაურაა. ცხაურა ნათდება და სურვილის შემთხვევაში მძღოლს ჩანჩქერის ეფექტის მსგავსი განათების გააქტიურება შეუძლია. ავტომობილს ახლა უფრო აგრესიული შესახედაობა აქვს. უკან კი გარდაქმნილი მაყუჩის მილებია.

სტანდარტული 21-იანი დისკებია. სურვილის შემთხვევაში Alpina კლიენტებს ალუმინის 23-იან დისკებს სთავაზობს. საბურავებზე გერმანულმა კომპანიამ Pirelli-სთან ითანამშრომლა. წინა თვლებზე Brembo-ს სუპორტებია.

კაპოტის ქვეშ 4.4-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავაა, მაილდ ჰიბრიდული ტექნოლოგიით. Alpina-ს ინჟინრების წყალობით, XB7-ს 630 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი უცვლელი დარჩა - 800ნმ. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით ძალა 4 თვალზე ნაწილდება.

ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 4 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე - 290კმ/სთ.

XB7-ს აქვს სისტემა, რომელიც მოსახვევებში ავტომობილის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს სისტემა xDrive-სა და თვითბლოკირებად დიფერენციალს მოიცავს. ჩაკეტვის ხარისხი, რამდენიმე ფაქტორზე დაყრდნობით, მუდმივად ადაპტირდება. ეს ფაქტორებია თვლის სისწრაფე, ხახუნის კოეფიციენტი და მოხვევის კუთხე.

სალონში უახლესი თაობის iDrive მულტიმედია სისტემაა. ახალი სისტემა პარკირების ათამდე მანევრს იმახსოვრებს.

XB7-ს საწყისი ფასი $145,000-ია. კლიენტებისთვის მიწოდება 2023 წლის დასაწყისში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები