AMG, Mercedes-Benz, 560SEL
Aa
Aa

S63-ის ფესვები - 1991 წლის S-Class-ი AMG-სგან

როდესაც AMG-ს მიერ გადაკეთებულ ადრეულ ავტომობილებზე სტატიებს ვწერთ, ჩვენს მკითხველს ისტორიის მცირე მონაკვეთს მუდმივად ვახსენებთ. Mercedes-AMG დღეს ბრენდის სპორტული ხაზია, თუმცა, 90-იან წლებში AMG-ი დამოუკიდებელი „ტუნინგ“ ატელიე გახლდათ. მიუხედავად ამ გარემოებისა, AMG-ს მიერ გადაკეთებული ავტომობილები ძალზედ სასურველი იყო. მაგალითისთვის კი ეს 1991 წლის Mercedes-Benz 560 SEL 6.0 AMG-იც გამოდგება.

ეს კონკრეტული ავტომობილი 1991 წელს იაპონელი დამკვეთისთვის შექმნეს. W126 თაობის საბოლოო საწარმოო წელი სწორედ 1991 გახლდათ. შემდეგ ის W140-მა ჩაანაცვლა. ახლა კი ეს მოდელი აშშ-ში იმყოფება, სადაც 2018 წელს შეიყვანეს. მის ოდომეტრზე 72 000 კმ-ია გამოსახული და ისე გამოიყურება, თითქოს ქარხანა გუშინ დატოვა. სხვათა შორის, მსურველებს მისი შეძენაც შეუძლიათ.




560SEL-ი ქარხნულად Black Pearl-ის საღებავით იყო დაფარული, მაგრამ მოგვიანებით ის Astral Silver-ით გადაღებეს. ასე შავ ინტერიერთან მეტი კონტრასტი შეიქმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, AMG-ის კორპუსის დანამატები წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. მანქანას უფრო დადაბლებული ბამპერები ლარტყები და სპოილერიც კი აქვს. დისკები 3-ნაწილიანი AMG Aero III გახლავთ, რომელიც OZ Racing-ის ნამუშევარია. ორი შეტყუპებული მაყუჩი ამ S-ს სხვა ეგზემპლარებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს.




მიუხედავად იმისა, რომ ეს Merc-ი ოთხ ათწლეულს ითვლის, ფლაგმანი მდიდრული და კარგად აღჭურვილი ინტერიერით არის წარმოდგენილი. ტყავის სავარძლებს გათბობის ფუნქცია აქვს და ელექტრონულად რეგულირდება, კლიმატკონტროლი ავტომატურად მუშაობს, ლუქი ელექტროა, ხოლო მძღოლს მართვაში კრუიზკონტროლიც ეხმარება. სალონის გაფორმებად Burl-ის ტიპის ხეა აღებული, რომელმაც AMG-მ სპეციალურად დაამზადა. საჭე Momo-ს მიერაა დამზადებული. მის უკან არსებულ სპიდომეტრზე დატანილი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ია.



კაპოტის ქვეშ მოდიფიცირებული 8-ცილინდრიანი ძრავაა, რომლის მოცულობაც AMG-მ 5.5 ლიტრიდან 6 ლიტრამდე გაზარდა. აგრეგატს ცილინდრზე ოთხი სარქველი აქვს. ეს გაუმჯობესებული ძრავა 380 ცხენის ძალასა და 555 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. თანამედროვე სტანდარტებით ეს ბევრი ნამდვილად არ არის. უახლეს V8-ძრავიან S63-ს 612 ცხენის ძალა აქვს. თუმცა, ამ მანქანის მონაცემები 1991 წელს შთამბეჭდავი გახლდათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 560SEL-ის მაქსიმალური სიმძლავრე 275 ცხენის ძალა იყო.

აუქციონზე გასატანი ეგზემპლარი მოვლილია და სერვისი ახალი ჩატარებული აქვს. სტატიის წერის მომენტში ამ Merc-ის ფასი 130 000$-ს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები