Brabus-ის G63 პიკაპი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
Brabus-ი სულ 10 ასეთ მოდელს შექმნის.
Brabus-მა Mercedes-AMG G63 ისე გადააკეთა, რომ ის ტიპური გაუმჯობესების საზღვრებს სცდება. კომპანიამ SUV-ი ჯერ პიკაპატად აქცია, შემდეგ კი მის ძალოვან აგრეგატსა და ვიზუალში ძირფესვიანი ცვლილებები შეიტანა.
Brabus-ის მიერ გადაკეთებულ პიკაპს 4-ლიტრიანის ნაცვლად 4.5-ლიტრიანი V8 უძგერს. ბრენდის სპეციალისტებმა ძრავის მოცულობა ე.წ. „სტროკერის“ კომპლექტაციით შეძლეს, რაც ახალ გამოჭედილ დგუშებსა და სპეციალურად დამზადებულ მუხლა ლილვებს გულისხმობს. სპორტული გამშვები სისტემა კი ძრავის ჟღერადობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
Brabus-მა შეცვალა ტურბინებიც. ასე ძრავაში შემავალი ჰაერის წნევა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი კი კომპიუტერული პროგრამირების შემდეგ კომბინირებულად და იდეალურად მუშაობს. აგრეგატი 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც სტანდარტულთან შედარებით 315 ცხენის ძალით მეტია. რაც შეეხება მაბრუნ მომენტს - Brabus-ის პიკაპს 1 250 ნიუტონ მეტრი აქვს იმისთვის, რომ საშუალო ზომის საცხოვრებელი კორპუსებიც კი გადაადგილოს. ნიუტონ მეტრების რაოდენობა Brabus-ს 1 050-მდე აქვს შეზღუდული. ასე მფლობელი თავისი ავტომობილის მექანიკურ დეტალებს უკეთესად შეინახავს.
კომპანიამ მანქანის მაქსიმალური სიჩქარეც ელექტრონულად შეზღუდა, რაც 280 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული. ეს მონაცემი მოდელისთვის, რომელიც აეროდინამიკური საერთოდ არ არის და თან 2 720კგ-ს იწონის უბრალოდ საოცარია. მეტიც, ამ მონსტს 0-დან 100-მდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია.
ფართოა ვიზუალური გაუმჯობესებებიც. ყველაზე თვალსაჩინო კორპუსის გაგანიერებისთვის საჭირო დანამატებია, რომელიც ძირითადად ბორბლების თაღებს მოიცავს. უფრო მასკულინურია მანქანის ცხვირიც, რაც ახალი ჭრილების მქონე კაპოტის დამსახურებაა. ამ ფორმებს კი Brabus-ის 24-იანი Monoblock Z Platinum Edition-ის დისკები ამშვენებს.
კომპანიამ სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი Rocket Grey-ის ფერში შეღება. სხვა მფლობელები ამ მანქანის შეძენას ნებისმიერი ფერით შეძლებენ.
Brabus-ი სულ 10 ასეთი პიკაპის შექმნას აპირებს. თითოეული მათგანის საწყისი ფასი კი 650 000$ იქნება.