Aa
Aa

მაქს ფერსტაპენმა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული გაიფორმა

საკმაოდ უცნაური რბოლის შემდეგ, ფერსტაპენმა მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული ისე მოიგო, რომ თვითონაც არ იცოდა.

მაქს ფერსტაპენმა იაპონიის გრან პრიზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულიც გაიფორმა! ეს სეზონში მისი მეთორმეტე გამარჯვება იყო, რის შემდეგაც შარლ ლეკლერმა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა.

იაპონიაში ტიტულის მოსაგებად, მაქსს პირველი ადგილი სჭირდებოდა. ამასთან, შარლ ლეკლერს რბოლა მესამე ან უფრო დაბალ პოზიციაზე უნდა დაესრულებინა.

პილოტებს იაპონიაში 53 წრე უნდა გაევლოთ. ძლიერი წვიმის გამო, მათ მხოლოდ 28 წრის გავლა მოასწრეს, თუმცა, პილოტების ქულები მაინც არ განახევრდა. ამის მიზეზი FIA-ს რეგულაციების 57-ე მუხლია, რომლის თანახმადაც ნახევარი ქულები მხოლოდ მაშინ იწერება, თუ რბოლა შეწყდება და მისი გაგრძელება შეუძლებელია.

რეგულაციებმა გუნდებში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. თვითონ Red Bull-ის გუნდის ხელმძღვანელ კრისტიან ჰორნერსაც კი გაუკვირდა ის ფაქტი, რომ პილოტებს სრული ქულები მიანიჭეს.

კვალიფიკაციის შემდეგ, მაქსი პოლ პოზიციიდან იწყებდა. წვიმიანი სტარტი რთული გამოდგა. აკვაპლანირების და ცუდი ხილვადობის გამო, პილოტებს მართვა გაუძნელდათ. კარლოს საინსი მოსრიალდა და ბარიერს შეეჯახა. მესამე წრეზე ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს. Ferrari-ს გასაყვანად ტრასაზე ამწე გამოვიდა. AlphaTauri-ს პიერ გასლიმ საშიში გამოცდილება მიიღო, როცა კინაღამ სატვირთოს შეეჯახა.

2-საათიანი შესვენების შემდეგ, რბოლა წამმზომის ქვეშ განახლდა. მაქსმა შარლზე დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა, გამარჯვებისთვის ეს საკმარისი მაინც არ იყო. შარლი მეორეზე გადიოდა და ტიტულის ბედი შემდეგ რბოლაში, ამერიკაში უნდა გადამწყდარიყო. სერხიო პერესმა გუნდის დავალება კიდევ ერთხელ კარგად შეასრულა. მან შარლ ლეკლერს შეცდომა დააშვებინა.

მაქსმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. თუმცა, მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მეორე ტიტული მოიგო. დაბნეულობა ქულების მინიჭების სისტემამ და შარლის ტრასიდან გადასვლამ გამოიწვია. სტიუარდებმა გადაწყვეტილება მოულოდნელად სწრაფად მიიღეს და შარლი 5 წამით დააჯარიმეს. პოდიუმის მეორე საფეხურზე, მონეგასკის ნაცვლად, სერხიო პერესი ავიდა, ფერსტაპენმა კი მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტული გაიფორმა.

2022 წლის სეზონის დასრულებამდე 4 გრან პრია დარჩენილი: ამერიკის, მექსიკის, ბრაზილიის და აბუ დაბის. პირად ჩათვლასა და კონსტრუქტორთა თასში ბრძოლა ისევ გრძელდება. 

მსგავსი სიახლეები