Aa Aa
11 ნოემბერი 2022  |  11:55

2005 წლის MG XPower - სუფთა სისხლის „სპორტქარი", რომელზეც არავინ საუბრობს

საქართველოში MG-ი დიდი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა. ამ მარკის მოდელები ჩვენს ქვეყანაში ერთეულებად არსებობდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ MG-ი ხელწამოსაკრავი ბრენდია. მწარმოებელი მალე სპორტული ავტომობილების სეგმენტში დაბრუნებას გეგმავს, რაც კარგი ამბავია. იმედია, ახალი მოდელი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი საკულტო როდსტერები იყო. თუმცა, წარსულში MG-ის ერთი სპორტული ავტომობილი ჰყავს გამოშვებული, რომელსაც გაყიდვების მწვერვალები არასდროს დაუპყრია. ეს ავტომობილი XPower SV/SVR-ია.

ახლა ერთ-ერთი დაბალგარბენიანი ეგზემპლარი ლონდონში გასაყიდადაა გამოტანილი. მანქანას ბრიტანული დიზაინი, იტალიური ხასიათი და ამერიკული V8 ძრავა აქვს. საოცარი კომბინაციაა, არა? მეტიც, ეს ავტომობილი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილია.




XPower-ის დებიუტი 2002 წელს შედგა. მას შემდეგ, რაც MG-იმ იტალიური კომპანია Qvale შეიძინა გადაწყდა, რომ ახალი სპორტული ავტომობილი De Tomaso Bigua/Qvale Mangusta-ზე უნდა დაფუძნებულიყო. მანქანის კორპუსზე დიზაინერებმა ბევრი იმუშავეს. შედეგს კი თავადაც ხედავთ. გამოკვეთილი ფორმების მქონე XPower-ის ყველა პანელი კარბონისგან არის დამზადებული. ულამაზესი მოყვანილობა აქვს ბორბლის თაღებს. აგრესიულია წინა ფრთებზე არსებული ფარფლებიც. თუმცა, ამ ავტომობილს Fiat Punto-ს წინა მაშუქები, Fiat Coupe-ს უკანა მაშუქები, MG TF-ის კარის სახელურები და Rover 75-ის გარე სარკეები ჰქონდა. კაპოტი კი Ford-ის მიერ მიწოდებულ V8-ს ფარავდა.



MG XPower-ის წარმოება 2003 წელს დაიწყო. სულ 9 ეგზემპლარის შექმნა მოხერხდა. ასეთი მცირე საწარმოო ხაზი ფინანსების სიმცირის გამო გახლდათ. თუმცა, 2005 წელს კომპანიამ დამოუკიდებლად ოპერირებაზე უარი თქვა და აქციების მფლობელის ხელში გადავიდა. შესაბამისად, გაჩნდა თანხებიც. MG-მ ჯამში სულ 82 ერთეული გამოუშვა. აქედან 42 SVR-ი იყო.

DD Classics-ის ცნობით, სურათზე ნაჩვენები მოდელი წუნდაუდებელ მდგომარეობაშია. მის ოდომეტრზე 4 000 კმ-ია გამოსახული. ავტომობილი ვერცხლისფერშია შეღებილი, ხოლო ინტერიერი წითელ და შავ ფერებში აქვს გადაწყვეტილი. კაპოტის ქვეშ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა ძგერს, რომელიც 385 ცხენის ძალასა და 510 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.



გასაყიდ განცხადებაში, სამწუხაროდ, ფასზე არაფერია ნახსენები. თუმცა, ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ ის იაფად გაიყიდება. რამდენიმე თვის წინ აუქციონზე კიდევ ერთი SVR-ი გამოჩნდა. ის 93 000$-ად გაიყიდა.

როგორ ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი 100 000$? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: