საქართველოს ისტორიული შედეგი Fia Motorsport Games-ზე
Aa
Aa

საქართველოს ისტორიული შედეგი Fia Motorsport Games-ზე

მევლუდ მელაძისა და ირინა ონაშვილის გუნდმა Auto Slalom-ში მესამე ადგილი დაიკავა.

2022 წლის FIA Motorsport Games-ი 26-30 ოქტომბერს მარსელში ჩატარდა. რბოლები პოლ რიკარისა და ლე კასტელეს სარბოლო ტრასებზე გაიმართა. 

ჩემპიონატში ქართველი მრბოლელებიც მონაწილეობდნენ:

  • F4 - სანდრო თავართქილაძე;
  • Drift - ნოდო კოდუა;
  • Esports - სანდრო ჭანტურია;
  • Karting Endurance - მარიამ დავითიძე, ნიკა კობოსნიძე, მარიამ წიკლაური, აჩიკო ციმაკურიძე;
  • Karting JR sprint - ლადო კუხიანიძე;
  • Auto Slalom - მევლუდ მელაძე, ირინა ონაშვილი;
  • Karting Slalom – ნუცა მახაჭაძე, სანდრო ქაჯაია.

საქართველოს გუნდმა Auto Slalom-ში ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული შედეგი აჩვენა. მევლუდ მელაძისა და ირინა ონაშვილის გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„სიგიჟეა ის რაც ვქენი. ეს ყველაფერი მევლუდ მელაძის დამსახურებაა. მადლობა ნდობისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის. ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში“, - წერს ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელებში.

სანდრო თავართქილაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე F4-ში მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. თავართქილაძეს ინდოელი მრბოლელი შეეჯახა, რამაც გადაცემათა კოლოფის და სავალი ნაწილის პრობლემა გამოიწვია.  

„დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა მსოფლიო ჩემპიონატზე და, სამწუხაროდ, არც ისე კარგად. არც ბოლიდი (გადაცემათა კოლოფი) და არც მე პირველი ვარჯიშის შემდეგ არ ვიყავით კარგ ფორმაში. შაბათის რბოლაზე სტარტზე დარჩენამ ძალიან უკან დაგვწია და კვირას ძალიან რთულ პოზიციაში აღმოვჩნდი, რასაც მანქანის გაუმართაობა დაემატა. მადლობა ყველას, ვინც უყურეთ და გვერდში ედექით მთელ ნაკრებს. მგონია, რომ ეს არ არის დასასრული და უკეთ თუ მოვემზადებით, შედეგიც მოვა. რთულია, როცა სამ დღეში უნდა მიეჩვიო ავტომობილს, რომელსაც სხვები 1 წელია უკვე მართავენ“, - სანდრო თავართქილაძე.

დრიფტში ნოდო კოდუამ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა. მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების საფუძველზე ნოდო პოლონელ დრიფტერთან დამარცხდა.

Karting Endurance-ზე საქართველოს გუნდმა მეოთხე შედეგი დააფიქსირა. ლადო კუხიანიძე Karting JR sprint-ში მეოცე ადგილზე გავიდა. სანდრო ჭანტურია კი მეოთხედფინალში დამარცხდა. ნუცა მახაჭაძემ და სანდრო ქაჯაიამ Karting Slalom-ში ასპარეზობა Top 16-ში დაასრულეს.

მსგავსი სიახლეები