მნიშვნელოვანი ავტომობილები, RUF, CTR, Yellowbird
Aa
Aa

მნიშვნელოვანი ავტომობილები: 1987 წლის RUF CTR Yellowbird-ი

1987 წელს Porsche-ს „ტუნინგ“ ატელიე RUF-მა გამორჩეული სპორტული ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა. მიზანი იმ დროისთვის საუკეთესო „სუპერქარებთან“ გაბრძოლება და მათი დამარცხება იყო. ამ მოდელს CTR-ი უწოდეს, მაგრამ მას ყველა Yellowbird-ის სახელით იცნობს.

RUF-ი სტანდარტული Porsche-ების ტურბინებით მოდიფიცირებას, ძრავის მოცულობის გაზრდას და დაკიდების სისტემის დახვეწის სამუშაოებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა. შემდეგ კი ამ კომპანიის ინჟინრებმა 911-ის სრულად მოდიფიცირება გადაწყვიტეს.



Yellowbird-ის შესაქმნელად RUF-ს Porsche-ს საუკეთესო მოდელი არ გამოუყენებია. 930 თაობის 911 Turbo-ს ნაცვლად, RUF-მა 3.2-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი 911 Carrera-ზე გააკეთა არჩევანი. ეს ავტომობილი სერიაში ყველაზე მსუბუქი იყო. RUF-ი 911-ის გადაკეთების სამუშაოს იმდენად სერიოზულად მოეკიდა, რომ კომპანია მწარმოებელი უფრო გამოდგა, ვიდრე „ტუნინგ“ ატელიე.

CTR-ის თითოეული მოდელი Porsche-სგან შეძენილი ქარხნული 3.2-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. წონის კიდევ უფრო შესამცირებლად შეცვლილი იყო კარები, ძრავის ხუფი და კაპოტი. წინა და უკანა ბამპერები კი მინაბოჭკოსგან იყო დამზადებული. უკეთესი აეროდინამიკისთვის RUF-მა საწვიმარ არხებზე უარი თქვა, ხოლო კორპუსზე ერთი - 935-სტილის გვერდითა სარკე დააყენა. უკანა ბორბლების თაღები უფრო განიერი გახდა, რათა იქ დიდი ზომის დისკსა და საბურავს თავისუფლად ეტრიალა. იმისათვის, რომ მძლავრი აგრეგატი კარგად გაგრილებულიყო ფრთების მაღლა ე.წ. NACA არხებიც იყო გამოჭრილი.


RUF-მა 3.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ოპოზიტური ძრავის მოცულობა 3.4 ლიტრამდე გაზარდა. ის ორი სპეციალურად დამზადებული ტურბინითა და ორი ინტერქულერით გააძლიერეს. ამას Bosch-ის საწვავის ინჟექტორები ემატებოდა. RUF-ის მონაცემებით, ამ ძალოვან აგრეგატს 469 ცხენის ძალა და 553 ნიუტონ მეტრი ჰქონდა. თუმცა, კომპანიის მფლობელი ამბობდა, რომ ასეთი მონაცემი ძრავას ყველაზე ცუდ დროს ექნებოდა. ავტომობილს კი რეალურად 500-ზე მეტი ცხენის ძალა გააჩნდა. ყველაზე შთამბეჭდავი ისაა, რომ მოდელის წონა 1 150 კგ-ს შეადგენდა. სიმძლავრისა და წონის შეფარდებით Yellowbird-ი თანამედროვე 911-ების ლიგაშია. რამდენად იყო დეტალებზე ორიენტირებული RUF-ი Yellowbird-ის შექმნისას? ისინი მაშინდელი 5-სიჩქარიანი კოლოფით არ დაკმაყოფილდნენ და უკეთ მომუშავე 5-სიჩქარიანი ტრანსმისია თავად შექმნეს.

მოდიფიცირებული იყო დაკიდების სისტემაც. სტრუქტურული სიხისტისთვის კი უსაფრთხოების კარკასიც დაამატეს. სამუხრუჭე სისტემა Brembo-მ ჩაანაცვლა. Speedline-ის დისკებზე კი Dunlop-ის საბურავები იყო გადაკრული.

მთელი ეს სამუშაოები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ „სუპერქარში“ ითარგმნა. Road & Track-მა CTR-ი Volkswagen-ის 25-კილომეტრიან საკვლევ გზატკეცილზე გამოცადა. 1987 წელს Yellowbird-მა 340 კმ/სთ-ი განავითარა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა. მანქანას 100 კმ/სთ-ის განვითარება 3.7 წამში შეეძლო. 0-დან 162 კმ/სთ-ს კი სპიდომეტრი 7.8 წამში აჩვენებდა. CTR-ი იმდენად საოცარი ავტომობილი იყო, რომ მან Porsche 959-ის, Ferrari Testarossa-ს და Lamborghini Countach-ის ეპოქაში ხალხის ყურადღების მიპყრობა და მათი გულის მოგება შეძლო. იმ პერიოდის ავტოჟურნალისტები თავიანთ პუბლიკაციებში მოდელს ყვითელ ფრინველს ადარებდნენ, რომელიც ჰორიზონტზე მიფრინავდა. ეს ზედმეტსახელი კი მანქანას დღემდე აქვს. უამრავი გულშემატკივარი ამ ავტომობილს უბრალოდ Yellowbird-ს უწოდებს.

RUF CTR Yellowbird-ის გამოსვლის შემდეგ მისი ტესტირება აქტიურად დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი გამოცდის ფარგლებში მოდელი სტეფან როზერმა „მწვანე ჯოჯოხეთში“ (Nurburgring-ზე) წაიყვანა. ზემოთ სწორედ ამ ჩანაწერს გთავაზობთ. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენად სპეციფიკური სამართავია უკანაძრავიანი და საოცრად მძლავრი CTR-ი. სტეფან როზერი კი მას ოსტატურად იმორჩილებს. ეს ავტომობილი ახალგაზრდა ავტომოყვარულებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამის მიზეზი Forza-ს და Gran Turismo-ს ვიდეო თამაშები გახლდათ.

RUF-მა CTR-ის 29 ეგზემპლარი შექმნა. 20-დან 30 ერთეულამდე კი დამკვეთების მფლობელობაში არსებული მანქანები გადააკეთეს. CTR-ს 90-იანი წლების მეორე ნახევარში CTR 2 მოჰყვა. ბოლოს კი CTR 2017 გამოვიდა. „რომელ წელს“ ნუ იკითხავთ. სამწუხაროდ, ეს ორი ავტომობილი 1987 წლის CTR-ის მსგავსი ვერ გამოდგა.

მსგავსი სიახლეები