Aa
Aa

Mercedes-AMG One-მა ნიურბურგრინგზე რეკორდი დაამყარა

ჰიპერქარი თითქმის 8 წამით უფრო სწრაფია, ვიდრე რეკორდის წინა მფლობელი.

დაახლოებით ორი თვის წინ ვიდეო გამოვაქვეყნეთ, რომელშიც ჩანდა, როგორ გადიოდა Mercedes-AMG One ტესტირებებს ნიურბურგრინგზე. მაშინ ვივარაუდეთ, რომ Mercedes-ი ამ ტრასაზე ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადებოდა. ოთხშაბათს გერმანულმა ავტომწარმოებელმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც მიგვანიშნა, რომ რეკორდის დამყარებას შეეცდებოდა.

„დროა რაღაც დიდებულის მომსწრენი გავხდეთ. იმის, რასაც ყველა დიდხანს ველოდით. მზად ხართ ახალი ეტაპისთვის? - ეწერა პოსტში.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა დაპირება მალევე შეასრულა. Mercedes-AMG One-მა 20.8-კილომეტრიანი ნიურბურგრინგ ნორდშლაიფი 6 წუთსა და 35.183 წამში დაფარა. წარმოებულ ავტომობილებში რეკორდს Porsche 911 GT2 RS-ს ფლობდა. Manthey Racing-ის აღჭურვილობით, მან ტრასა 6 წუთსა და 43 წამში დაფარა. ეს იმას ნიშნავს, რომ One 7.817 წამით უფრო სწრაფია. უფრო მოკლე 20.6-კილომეტრიან მონაკვეთზე One-მა 6:30.705 დააფიქსირა. შედარებისთვის GT2 RS-ის დრო 6:38.835-ი იყო. 

AMG One ყოვლისშემძლე ავტომობილია. მას 1.6-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, რომელიც ელექტრონულ ტურბოსთან ერთად მუშაობს. ავტომობილის 4 ელექტრო მოტორიც აქვს. ჯამში 1049 ცხენის ძალას ვიღებთ. Mercedes-ის მტკიცებით One 100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. 200კმ/სთ-მდე 7 წამში. მაქსიმალური სიჩქარე - 353კმ/სთ.

დიდიხნის ლოდინის შემდეგ, ჰიპერქარის წარმოება ამ აგვისტოში დაიწყო და ბრენდი მხოლოდ 275 ეგზემპლარის აწყობას აპირებს.

მსგავსი სიახლეები