ასეთია 100 კმ/სთ-ის 1.41 წამში განვითარება
შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ელექტრო მანქანა ააწყვეს.
Tesla-ს დრო გავიდა, აჩქარების ლიგაში ახალი მეფე გვყავს - შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი ელექტრო მანქანა შექმნეს. ერთადგილიანი, კარბონისგან დამზადებულმა EV-იმ რეკორდი 2022 წლის ოქტომბერში დაამყარა. Bosch-ის სარბოლო ტრეკზე, გერმანიაში, მანქანამ 100 კმ/სთ 1.41 წამში განავითარა.
დიახ, ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად კრეფს სიჩქარეს თინეიჯერებმა შექმნეს. ჯგუფის რამდენიმე წევრმა 20 წელს ახლახან მიაღწია. უნივერსიტეტის საინჟინრო გუნდს GreenTeam-ი ჰქვია. ეს რეკორდული გარბენი კი ვიდეოზეა აღბეჭდილი, რისი ნახვაც ქვემოთ არის შესაძლებელი.
კარბონის სარბოლო მანქანა 145 კილოგრამს იწონის, რაც სრულად ამძრავი ელექტრო ძალოვანი აგრეგატისთვის ძალზედ მცირეა. სპეციალურად დამზადებული ძრავა 180 კვტ სიმძლავრისაა და ბატარეების მხარდაჭერა აქვს. აეროდინამიკა კი უმაღლეს დონეზეა დახვეწილი.
მანქანის ასეთი სიმსუბუქე ნიშნავს, რომ სიმძლავრისა და წონის შეფარდება ტონაზე 1 726 ცხენის ძალაა. ეს გასაოცარი შედეგია! ასეთ მიღწევას კი უამრავი გამოწვევის, პრობლემისა და სირთულის გარეშე არ ჩაუვლია.
„ივლისის თვეში მოვლენები ცუდად განვითარდა, რამაც უკან დაგვხია“ - საუბრობს GreenTeam-ის თავმჯდომარე. „სატესტო გარბენისას მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და ტრეკზე არსებული საბურავების ჯებირებს მთელი სისწრაფით შეეჯახა. საბედნიეროდ, პილოტი უვნებლად გადარჩა. მანქანა კი თითქმის განადგურდა.“
GreenTeam-ს სიჩქარის მსოფლიო რეკორდი აქამდეც აქვს დამყარებული. 2012 წელს მათ მიერ შექმნილმა მანქანამ 100 კმ/სთ 2.68 წამში განავითარა. თუმცა, ახალი რეკორდი კარგად აჩვენებს იმას, თუ რამდენად პროგრესირდა ელექტრომობილების ინჟინერია ბოლო ათწლეულში.