შუა აზიიდან ათეულობით ადამიანი ჩამოვიდა და ავტომობილების ბიზნესი დაიწყო - ასოციაცია
2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში $661 მილიონის ღირებულების 64 ათასი ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა კი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია.
ერთ-ერთ წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლები გასული წლიდან მზარდია, ბაზარზე ჩავარდნა იყო მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში იყო, რაც უკრაინაში არსებულ საომარ მოქმედებებს უკავშირდებოდა. მათი თქმით, უკრაინის ბაზარი გასულ თვეებთან შედარებით გააქტიურებულია.
“იანვრიდან აგვისტომდე ყოველთვიურად იზრდებოდა რეექსპორტის მაჩვენებელი. საკმაოდ მზარდი ტენდენცია იყო დაფიქსირებული. საშუალო პროცენტული ზრდა იყო 20%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთადერთი ჩავარდნა იყო მარტის თვეში, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. უკრაინა გამოგვეთიშა, დღეს გარკვეულ წილს მაინც იღებს ჩვენი ბაზრიდან, მაგრამ როგორი დიდი მოთამაშეც იყო, ისეთი აღარ არის", - აცხადებენ კომპანიაში.
თავის მხრივ, ავტოიმპორტიოთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა შუა აზიის ქვეყნებიდან. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შუა აზიის ქვეყნებიდან დილერები საქართველოში ჩამოდიან და ავტომობილები რეექსპორტით სამიზნე ქვეყნებში გააქვთ.
“ათეულობით ადამიანი შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეული დროით დარჩნენ, აქ ცხოვრობენ და სისტემატურად აგზავნიან ავტომობილებს ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში და კიდევ სხვა არაერთ ქვეყანაში, საიდანაც ისინი არიან ჩამოსულები", - აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, 2022 წლის 10 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი - $245 მილიონის ღირებულების ავტომობილები აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე. მეორე ადგილს $117 მილიონით უკრაინა იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე სომხეთია, სადაც $84 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე.
წყარო: BM.ge