AC Schnitzer-მა BMW i4 M50-ისგან პოლიციის მანქანა შექმნა
AC Schnitzer-მა გერმანიის Tune it Safe-ის კამპანიის ფარგლებში ჯადოქრობები დაატრიალა. კომპანიამ BMW i4 M50 პოლიციის ისეთ მანქანად გადააკეთა, რომ მის უკანა სავარძელში მოკალათებაზე უარს არავინ იტყვის, თუნდაც დანიშნულების ადგილი პოლიციის განყოფილება იყოს.
მანქანა Polizei-ის გაფორმებით არის წარმოდგენილი და მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. სწორედ ამიტომ ის სხვა ნებისმიერი i4-სგან გამოირჩევა. როგორც AC Schnitzer-ს ახასიათებს, მოდელს წინ გამოკვეთილი ტუჩი აქვს. ბამპერის ორივე ბოლოში მცირე ზომის ფარფლებიც გვაქვს. ცხაურაში კი პოლიციის მაშუქებია ინტეგრირებული, რომელიც სახურავზე დამონტაჟებულ სპეციალურ მაშუქთან ერთად სინქრონში მუშაობს.
მეტი აგრესიულობისთვის მოდელს საბარგულზე მცირე ზომის ფრთა აქვს. ეს დეტალი კარბონისგანაა დამზადებული. მოდელის ვიზუალში ყველაფერი ისეა, როგორც ეს AC Schnitzer-ს ეკადრება.
თვალისმომჭრელად გამოიყურება ახალი დისკებიც. მას AC4 Flow Forming-ის სახელით იცნობენ და შავ და ვერცხლისფერ ფერებშია გაფორმებული. საბურავები Hankook Ventus S1 Evo 3 გახლავთ, რომელიც წინ 255/35, ხოლო უკან 265/35 ზომისაა.
პოლიციისთვის განკუთვნილ i4 M50-ის სალონში მცირედი ცვლილებებია. სატერფულები, ფეხის დასასვენებელთან ერთად, ალუმინისაა. ამავე მასალითაა დამზადებული i-Drive-ის ბერკეტიც.
AC Schnitzer-ის სხვა მოდელებისგან განსხვავებით, i4 M50-ის ძალოვანი აგრეგატი სტანდარტული დარჩა. ერთადერთი, რაც შეიცვალა დაკიდების სისტემაა, რომელიც მანქანას მიწასთან 20 მილიმეტრით უფრო ადაბლებს.
შეგახსენებთ, რომ BMW i4 M50 ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 536 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 0-დან 100-მდე აჩქარება 3.7 წამში შეუძლია. სრული დამუხტვით კი 510 კილომეტრს ფარავს.