Gemballa BMW 635 CSI - გამქრალი მისტიკა
ხელოვნურად გაგანიერებული სპორტული ავტომობილები 80-იანი წლების ავტოსამყაროს მშვენება იყო. ამ ხერხით სტანდარტული და სპორტული ვერსიების ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან მარტივი იყო. ამ ყველაფრის ოსტატად კი იმ დროინდელი ტიუნინგ კომპანია Gemballa გვევლინება. იგი გაგანიერებული ძარებით ყველა სხვა დანარჩენი კონკურენტებისგან აშკარად განსხვავდებოდა.
Gemballa მოცემულ დროში ყველაზე საინტერესო და საკულტო ავტომობილების გაუმჯობესებით იყო დაკავებული. იგი ტექნიკურ მხარესაც ეხებოდა, ვიზუალურსაც და ინტერიერსაც. დღეს ჩვენ მის ერთ-ერთ ცნობილ ნამუშევარს გავიხსენებთ, რომელიც ავტოისტორიაში Gemballa BMW 635 CSI-ის სახელით არის ცნობილი.
ამ ავტომობილის დანახვისას გეგონებათ, რომ რაღაც მისტიკურს უყურებთ და ის მართლაც ასეთია. სტანდარტული BMW 635 CSI ვერსია დღესაც კი ძალიან სასურველი მოდელია და, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც ამგვარ ავტომობილს Gemballa მოჰკიდებდა ხელს. უპირველეს ყოვლისა, ავტომობილის ბაზა გაიზარდა, რასაც ავტომატურად ძარის სიგანეში გაზრდაც მოჰყვა. ავტომობილი განიერი 15-იანი საბურავებით იყო აღჭურვილი, შესაბამისად, ხისტი დაკიდების სისტემა დაუმონტაჟეს, რათა საბურავების ძარასთან კონტაქტის ალბათობა გამორიცხულიყო. ავტომობილი საუცხოო ყვითელი ფერით შეიღება, რაც მას მეტად გამორჩეულს ხდიდა. კომპანიამ ავტომობილის აგრეგატებიც გააძლიერა, თუმცა, ზუსტი მონაცემები უცნობია.
ამ ავტომობილის ინტერიერი ალბათ ყველაზე საინტერესოა, Recaro-ს სავარძლები სპეციალური მატერიისგან მზადდებოდა. სალონში საკმაოდ ძლიერი აუდიო სისტემა და ტელევიზორიც კი იყო ჩამონტაჟებული, ოღონდ ადგილის სიმცირის გამო ეს ყველაფერი მგზავრის განკარგულებაში უფრო იქნებოდა ვიდრე მძღოლის. Gemballa 635 CSI-ის მაყუჩის დაბოლოებებიც საკმაოდ ორიგინალური ჰქონდა, ოთხი მილი ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო განთავსებული, რაც მის ფუტურისტულ იერსახეს მეტად მიმზიდველს ხდიდა.
1985 წელს ავტომობილის ღირებულება 240 000 გერმანულ მარკას უტოლდებოდა. ამ თანხაში 90 000 სტანდარტული 635 CSI-ის ღირებულება და 150 000 კი Gemballa-ს მომსახურება იყო, ან ავტომობილი დამკვეთს მიჰყავდა და 150 000 გერმანულ მარკად ის Gemballa-დ გარდაისახებოდა.
Gemballa-ს მსგავსი კომპანიები ძირითადად შეძლებული მომხმარებლების შეკვეთებით საზრდოობდნენ. 1985 წელს Gemballa 635 CSI ერაყში უცნობ დამკვეთთან გაემგზავრა. კომპანიამ მისი ვინაობა არ გაასაჯაროვა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ გახდა ცნობილი ამ ავტომობილის მდგომარეობა და ზოგადი ისტორია. 2003 წელს ამერიკელმა ჯარისკაცებმა იმდროინდელი ერაყის მმართველის, სადამ ჰუსეინის ავტოფარეხში Gemballa-ს ამ კონკრეტულ მოდელს მიაგნეს. ავტომობილის მდგომარეობა სავალალო იყო. ინტერიერი სრულად იყო განადგურებული და მთლიანი ავტომობილი რესტავრაციას საჭიროებდა, თუმცა, ამ შემთხვევის შემდეგ ეს ავტომობილი აღარავის უნახავს და დღემდე მისი არსებობა გასაიდუმლოებულია. ავტომობილისტები იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეული წლების შემდეგ Gemballa 635 CSI ფართო საზოგადოებაში გამოჩნდება და ის უბრალოდ მისტიკა აღარ იქნება.