ამ 2006 წლის BMW M5-ს 2 000 კმ აქვს გარბენი და ახალივითაა
V10 ძრავით აღჭურვილი M5 2022 წელს შექმნილს ჰგავს და ჯერ კიდევ ქარხნული საბურავები აქვს გადაკრული.
თუ ფიქრობთ, რომ „მაღალკუბატურიანი ძრავის ალტერნატივა არ არსებობს“, მაშინ ეს 2006 წლის BMW M5, 2 000 კმ-იანი გარბენით, აუცილებლად დაგაინტერესებთ.
მიმდინარე თვეში Mecum-ის აუქციონზე 5-ლიტრიანი ატმოსფერული V10-ით აღჭურვილი M5 გადის. ეს აგრეგატი 507 ცხენის ძალასა და 520 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი უახლესი M5-ის სიმძლავრესთან (600 ცხენის ძალა) შედარებით მცირეა. შეგახსენებთ იმასაც, რომ E60 M5 100 კმ/სთ-ს 4.4 წამში ავითარებს, რაც საკმაოდ კარგი მონაცემია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სურათებზე ნაჩვენები მანქანა თითქმის უხმარია.
ავტომობილი 7-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა მექანიკური კოლოფით არის აღჭურვილი. ამ ტრანსმისიას ენთუზიასტები უხეში გადართვების გამო მკაცრად აკრიტიკებენ. სამწუხაროდ, კოლოფი ვერც ტრადიციულ მექანიკურ ტრანსმისიას შეედრება.
Black Sapphire Metallic-ის ფერში შეღებილ M5-ს მხოლოდ ერთი მფლობელი ჰყავდა. ავტომობილის უკანა მხარეს ოთხი ბრჭყვიალა მაყუჩი ამშვენებს. ულამაზეს დისკებზე კი ჯერ კიდევ ქარხნული საბურავებია გადაკრული. ეს კარგად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად იშვიათად იყენებდა მფლობელი ავტომობილს.
სალონში M5 შავი ტყავითა და დამუშავებული ალუმინის დეტალებით არის წარმოდგენილი. ორზონიანია კლიმატკონტროლი, ხოლო წინა სავარძლებს გათბობის ფუნქცია აქვს. მულტიმედიის გამოყენება iDrive-ის სისტემით არის შესაძლებელი.
სამწუხაროდ, ამ მანქანის ისტორიაზე არაფერი ვიცით. შესაბამისად, რატომ მართავდნენ ამ M5-ს ასე იშვიათად - უცნობია. ავტომობილს ყველა ქარხნული აღჭურვილობა მოჰყვება. ადგილზეა მფლობელის წიგნაკიც და გზების ატლასიც. გასაყიდ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მანქანას გეგმური სერვისი მუდმივად უტარდებოდა. ასევე, შეცვლილია აკუმულატორიც.
რა თანხის სანაცვლოდ შეიძენდით ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.