Tesla თაღლითობს? რას მალავს სპორტული მუხრუჭის ხუფები?
სუპორტის წითლად შეღებილი ხუფების ქვეშ მცირე ზომის მუხრუჭები იმალება.
ცვლილება, რომლის შესახებაც Tesla-მ გასულ წელს დააანონსა დღეს მფლობელებისა და მექანიკოსების ყურადღებას იპყრობს. როგორც ჩანს, Tesla Model Y Performance-ის უკანა სამუხრუჭე სისტემა ის არ არის, რაც უნდა იყოს. იმისათვის, რომ მუხრუჭის სუპორტი უფრო დიდი გამოჩნდეს მწარმოებელი წითლად შეღებილ ხუფს იყენებს.
გასულ წელს Tesla-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მწარმოებელი Model Y Performance-ისთვის უკანა სამუხრუჭე სისტემის მწარმოებელ კომპანიას ცვლიდა. ძველი ეგზემპლარები Brembo-ს კომპონენტებით იყო აღჭურვილი. 2022 წლის 15 აგვისტოდან კი ამ ნაწილის მომწოდებელი Mando გახდა. DriveTeslaCanada-ს ცნობით, Tesla-მ განაცხადა, რომ ცვლილება მუხრუჭების მუშაობაზე არ იქონიებდა გავლენას.
გასულ უქმეებზე, Tesla-ს სპორტული დეტალების მომწოდებელმა კომპანიამ, ZEVcentric-მა Model Y Performance-ზე შეკვეთილი ცვლილების შედეგი დაათვალიერა. „ეს ზუსტად იმ ზომის სუპორტი და სამუხრუჭე დისკია, რაც Long Range-ის ვერსიას აქვს. ეს ნიშნავს, რომ ახლა დამატებით ფულს ისეთივე მუხრუჭებში იხდით, უბრალოდ ეს წითელია.“ - წერია Twitter-ზე.
ფუნქციურად ეს ხუფები სარგებელს არ გვაძლევს. ერთი, რაც იცვლება ესთეტიკური გაუმჯობესებაა. სისტემა ზუსტად იმ დეტალებით არის გაკეთებული, რაც Tesla Model Y Long Range-ის მუხრუჭებზეა გამოყენებული. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ სამუხრუჭე დისკი 2 მმ-ით უფრო სქელია.
Tesla-ს ვებ-გვერდზე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ Model Y Performance-ის გაუმჯობესება, სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, სამუხრუჭე სისტემასაც მოიცავს. „მოდიფიცირებისთვის ფულს იხდით, ხოლო მოდიფიცირებას ვერ იღებთ. ფერის შეცვლა და ხუფის მიმაგრება კი მოდიფიცირება არ არის“, - წერს სახელოსნო სოციალურ ქსელში.
გამოდის, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს. მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ კი ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით.