„მანქანები არ გაიაფდება... პირიქით, შესაძლოა, გაძვირდეს“
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე შესაძლოა უახლოეს მომავალში მანქანების საფასური გაძვირდეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ლოჯისტიკური ხარჯების ზრდაა.
„იქედან გამომდინარე, რომ ლოჯისტიკის ხაზი ანუ ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, იზრდება ხარჯიც. ამ ეტაპზე ავტოიმპორტიორებს ტრანსპორტირება ერთი მანქანის საფასური გვიჯდება, შესაბამისად, სანამ ეს პრობლემა, კონტეინერებისა და გემების შემოსვლა არ მოწესრიგდება, მანამ მანქანების საფასურიც არ გაიაფდება, პირიქით - შესაძლოა, ფასები 10-15%-ით გაიზარდოს.
ამჟამინდელ საფასურს რაც შეეხება, როგორც ამერიკაში, კანადაში და ევროპაში, ისევე საქართველოშიც, ის კოვიდამდელ პერიოდთან შედარებით 30-40%-ითაა გაზრდილი“ - ამბობს ლაშა დარბაისელი.
ასოციაციის თამჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ საფასურის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი კოვიდის პერიოდში ავტომობილების დეტალ-ნაწილების დეფიციტი და ახალი მანქანების წარმოების შეფერხებაა.
რაც შეეხება მოთხოვნას, ლაშა დარბაისელი გვიყვება, რომ ის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა თვიდან თვემდე სულ უფრო იზრდება, ეს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზღვაში წვეთია. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ქართველი ავტოიმპორტიორები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვართ, მოგებაზე ვერც კი ვსაუბრობთ.“ - აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების საფასური 14.9%-ით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.