რომელ ქვეყნებშია დიზელი ყველაზე ძვირი/იაფი?
მსოფლიოს მასშტაბით საწვავის ფასების კარდინალურად განსხვავებულია და გამონაკლისი არც დიზელია. ზოგადად, ყველაზე დაბალი ფასები ნავთობით მდიდარ, ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებშია; ენერგორესურსები ყველაზე ძვირად კი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ფასობს, სადაც მოხმარება თითქმის სრულადაა დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.
ეკონომიკური თვალსაზრისით, დიზელს უდიდესი გავლენა აქვს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ფორმირებაზე, რადგან სატვირთოების, გადამზიდავებისა და სპეც. ტექნიკის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დიზელის ტიპის საწვავზე მუშაობს, მისი გაძვირება კი ტრანსპორტირების, მომსახურებისა თუ მშენებლობის ხარჯების ზრდას იწვევს.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ერთი ლიტრი დიზელის საშუალო ფასი 1.33 დოლარს (₾3.55) შეადგენს, ყველაზე იაფად კი ამ ტიპის საწვავის შეძენა ირანშია შესაძლებელი, სადაც ლიტრი დიზელი 0.011 დოლარად ივაჭრება, რაც 3 თეთრის ეკვივალენტია ლარში.
ყველაზე ძვირი დიზელი ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 2.66 დოლარს აღწევს, რაც 7.1 ლარის ტოლფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 1.42 დოლარს შეადგენს, რაც 3.79 ლარის ეკვივალენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დიზელის ფასი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 7%-ით მეტია. აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში დიზელი ყველაზე ძვირი ღირს, მისი შეძენა ყველაზე იაფად კი აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც ლიტრის ფასი 0.47 დოლარს შეადგენს.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც დიზელი ყველაზე ძვირია:
1. ჰონგ-კონგი - $2.661
2. სამხ. აფრიკის რესპუბლიკა - $2.392
3. შვედეთი - $2.348
4. ისლანდია - $2.314
5. მონაკო - $2.260
6. ნორვეგია - $2.223
7. შვეიცარია - $2.205
8. ფინეთი - $2.193
9. დანია - $2.112
10. დიდი ბრიტანეთი - $2.109
სახელმწიფოების სია, სადაც დიზელი ყველაზე იაფადაა ხელმისაწვდომი:
1. ირანი - $0.011
2. ვენესუელა - $0.016
3. ლიბია - $0.031
4. საუდის არაბეთი - $0.200
5. ალჟირი - $0.213
6. ეგვიპტე - $0.245
7. ანგოლა - $0.268
8. ქუვეითი - $0.377
9. თურქმენეთი - $0.386
10. ეკვადორი - $0.462
დიზელის ფასები რეგიონის ქვეყნებში:
1. აზერბაიჯანი - $0.471
2. რუსეთი - $0.846
3. სომხეთი - $1.061
4. თურქეთი - $1.232
5. საქართველო - $1.420
წყარო: BM.ge