Ferrari, Purosangue
Aa
Aa

Ferrari-მ 2022 წელს გაყიდვების რეკორდი დაამყარა

ომი უკრაინაში, კორონავირუსის პანდემია და მომარაგების ჯაჭვში წყვეტა ბრენდებს რეკორდების დამყარებაში ხელს ვერ უშლის.

2022 წელი Ferrari-სთვის შესანიშნავი იყო. ავტომწარმოებელმა ფინანსური ანგარიში წარმოადგინა. კომპანიამ რეკორდული 13 221 ავტომობილი გაყიდა. გასულ წელს ეს რიცხვი 11 155 იყო. სუფთა მოგება $1.024 მილიარდი იყო. 2021 წელს - $909 მილიონი.

ევროპა, შუა აღმოსავლეთი და აფრიკა ბრენდისთვის ყველაზე წარმატებული ბაზრები გამოდგა. ამ ბაზრებზე ჯამში 5,958 ავტომობილი გაიყიდა. ამერიკაში კი 3 447 ეგზემპლარი გაყიდეს.

Ferrari-მ სულ $5.563 მილიარდი მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით 19%-იანი ზრდაა. კომპანიის შეფასებით 2023 წელი უკეთესი იქნება. ბრენდი რბოლებიდან მეტ შემოსავალს მიიღებს. ასევე, ინფლაციის გამო, ავტომობილების ფასების ზრდას გეგმავენ.

იტალიური ავტომწარმოებლის პირველი SUV-ის, Ferrari Purosangue-ს მიწოდება 2023 წელს დაიწყება. Cayenne-მ Porsche გაკოტრებისგან იხსნა. Urus-ი Lamborghini-ს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. ამ მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, Ferrari-ს SUV-იც საკმაოდ პოპულარული უნდა გახდეს.

Purosangue-ს Ferrari-ის უახლესი, 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 715 ცხენის ძალასა და ამდენივე ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მოდელს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.3 წამში შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ია. ეს მონაცემები კი ავტომობილისთვის, რომელიც 2 ტონაზე მეტს იწონის შთამბეჭდავია.

მსგავსი სიახლეები