რადიოს ზედმეტად ხმამაღლა მოსმენა ნიუ ჯერსიში 750$ დაგიჯდებათ
ამ ჯარიმის პირველადი სანქცია მანქანის კონფისკაციას ან მის განადგურებას გულისხმობდა.
ავტომობილში მუსიკის ხმამაღლა მოსმენა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანა მაღალი დონის ხმის სისტემით არის აღჭურვილი. საქართველოში ასეთი ქმედებისთვის კანონი არ დაგსჯით, თუმცა, ყველგან ეს მოცემულობა არ არის.
ახლახან ნიუ ჯერსის სახალხო უსაფრთხოების კომიტეტმა კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც მანქანაში მუსიკის ხმამაღლა მოსმენისთვის მძღოლს საკმაოდ დიდ ჯარიმას აკისრებს.
თუ აქამდე ხმაურის ზღვრის გადაჭარბება მხოლოდ მაყუჩიდან გამომავალ ხმას შეეძლო, ნიუ ჯერსიში ახლა სამართალ დამცავები ხმის სისტემიდან გამომავალი ჟღერადობის ზღვარსაც მიაქცევენ ყურადღებას. მუსიკის ხმამაღლა მოსმენის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 250$ იქნება. მეორე დარღვევაზე ეს თანხა გაორმაგდება და 500$-ს შეადგენს, ხოლო მესამე ან/და მეტ ფაქტზე ჯარიმა 750$-ს მიაღწევს. ამას ქულების დაკლებაც დაემატება.
ეს თანხა ჯიბის ფული ნამდვილად არ არის. საინტერესოა ისიც, რომ ამ კანონის პირველადი ვერსია უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა, კერძოდ, ავტომობილის ჩამორთმევას და მის განადგურებას. საბედნიეროდ, კომიტეტში ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებმაც მუსიკის ხმამაღალი მოსმენისთვის 60 000$-იანი ავტომობილის ჩამორთმევას და განადგურებას მხარი არ დაუჭირეს.
ახლა კი ჯარიმას იმ მოქალაქეებს დააკისრებენ, რომელთა სალონიდან გამომავალი ხმაც 15 მეტრზე 50 დეციბელს შეადგენს. შეზღუდვა საღამოს 10-დან დილის 7 საათამდე იმოქმედებს.
როგორ ფიქრობთ, უნდა მიიღონ თუ არა მსგავსი კანონი ჩვენს ქვეყანაში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.