ავტომფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს
ავტომობილის მფლობელებისთვის შესაძლოა, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ.
კანონშემოქმედებით საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში ნათქვამია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს.
„სოციალური დაცვის ამ ქმედითი მექანიზმის შესაქმნელად, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, შეიძინოს სავალდებულო დაზღვევის პოლისი და გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. კანონპროექტით გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიები ავტომობილების კატეგორიებისა და ძრავის მოცულობის მიხედვით. კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ლიმიტებს წლის განმავლობაში მესამე პირის როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, ისე ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე.
ამ სისტემის ფარგლებში, საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის გარანტირებულია სათანადო კომპენსაცია კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში დაზღვევის შეძენა დაევალებათ.
წყარო: BM.ge