Toyota, Suzuki, Daihatsu
Aa
Aa

Toyota-ს და Suzuki-ს პატარა სპორტულ ავტომობილს 1.0-ლიტრიანი ძრავა ექნება

შუაძრავიან კუპეს 120 ცხენის ძალა და ყველაზე მსუბუქი Miata-ს წონა ექნება.

2021 წლის შუაში, Toyota-მ Sports EV წარმოგვიდგინა: კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი ელექტრო აგრეგატით. ამ 2-ადგილიან ავტომობილს Gazoo Racing-ს ლოგოები ჰქონდა. ბევრმა მაშინ ის კონცეპტი MR2-ის შთამომავლად მიიჩნია. 

მას შემდეგ Toyota-ს ელექტრო სპორტულ ავტომობილზე აღარ უსაუბრია. თუმცა, ახლა იაპონიიდან ცნობები მოდის, რომ კომპანია MR2-ის მსგავსი მოდელის აწყობით ისევ დაინტერესებულია. თანაც ამ მოდელზე ბრენდი Suzuki-სთან და Daihatsu-სთან ითანამშრომლებს.

ეს სამი ავტომწარმოებელი ერთად ხელმისაწვდომ შუაძრავიან ავტომობილზე მუშაობს, რომელსაც 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავა ექნება. 3-ცილინდრიანი ძრავა 120 ცხენის ძალას და 200ნმ-ს გამოიმუშავებს. სავარაუდოდ, ავტომობილს მაილდ ჰიბრიდული სისტემა ექნება.

სპორტული ავტომობილის წონა 1000 კილოგრამი იქნება. დაახლოებით იმდენივე, რამდენსაც საბაზისო Mazda MX-5 იწონის. შედარებისთვის, MX-5-ის 1.5-ლიტრიანი ძრავა 129 ცხენის ძალასა და 150ნმ-ს გამოიმუშავებს. ახალი ავტომობილი ზომით Miata-სა და მესამე თაობის MR2-ზე დიდი იქნება.

Suzuki ძრავის განვითარებაზე მუშაობს. დაკიდების სისტემას ავტომობილი Yaris-ისგან მიიღებს. სტილში Daihatsu Copen-ის ელემენტები იქნება. 2-ადგილიან ავტომობილს Toyota-ს ლოგო ექნება. ფასი - $16,500 - $21,000.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯერ მხოლოდ ხმებია, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა. ზუსტად დეტალები მაშინ იქნება ცნობილი, როცა ავტომწარმოებლები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები