„კიონიგსეგის“ პირველი საოჯახო მანქანა: 1700 HP Koenigsegg Gemera
„კიონიგსეგი“ თავისი არსებობის განმავლობაში მხოლოდ ორადგილიან სუპერ და ჰიპერქარებს აწარმოებდა. წელს მათ Koenigsegg Gemera წარადგინეს - კომპანიის პირველი 4-ადგილიანი GT კლასის ავტომობილი.
Gemera-ს 2-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი „ტვინ-ტურბო“ ძრავა აქვს, რომელიც 600 ცხენის ძალას და 600 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს. ძრავას გამანაწილებელი ლილვები საერთოდ არ აქვს. მასში „კიონიგსეგის“ Freevalve ტექნოლოგიაა გამოყენებული. ასევე ძრავა შერეულ საწვავზე მუშაობს, კერძოდ ეთანოლზე. შიგაწვისკამერიანი ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან კომბინაციაში ჯამში 1700 ცხენის ძალას და 3499 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. „კიონიგსეგი" აცხადებს, რომ 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 1,9 წამში ხდება.
ეს კომპანიისთვის პირველი ოთხივეწამყვანი ავტომობილია. წინა თვლებს ერთი ელექტროძრავა, ხოლო უკან თითოეულ თვალზე 500 ცხენისძალიანი ელექტროძრავები ამოძრავებს. რა თქმა უნდა, ავტომობილი მარბუნი მომენტის გამანაწილებელი სისტემით არის აღჭურვილი, რაც მას სწორ გზასა და მოსახვევბში ბევრად უფრო სტაბილურს ხდის. გარდა ამისა, მოქნილობის გაუმჯობესების მიზნით, მოხვევა Gemera-ს უკანა თვლებსაც კი შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული, Gemera საკმაოდ მძიმე გამოდგა. მისი წონა 1879 კილოგრამს აღწევს. ამხელა წონა ელექტროძრავებით, ბატარეებით და უფრო დიდი ინტერიერითაა განპირობებული.
ავტომობილს ორი საბარგული აქვს. Gemera-ს სალონის სიდიდე პატარა ძრავის დამსახურებაა. „კიონიგსეგი“ ამბობს, რომ მათი GT კლასის ახალი ავტომობილის სალონი სივრცით და აღჭურვილობით, ამავე ტიპის სხვა ავტომობილებს არაფრით ჩამოუვარდება. კარები ტრადიციულად ვერტიკალურად იღება, რაც უკან ჩასხდომის პროცესს ამარტივებს. კარები სიმაღლის სენსორებითაა აღჭურვილი, რათა გაღებისას პარკინგის ან ავტოფარეხის ჭერს შემთხვევით არ მიარტყათ.
უკანა სავარძლებს საბავშვო სავარძლების მისამაგრებელი წერტილები აქვს, რათა ახალ „კიონიგსეგში“ ოჯახის ყველაზე პატარა წევრებმაც კი ამაღელვებელი მგზავრობა არ გამოტოვონ. მგზავრობას კი საკმაოდ დიდ მანძილებზე შეძლებთ, რადგან სავსე ავზით და დატენილი ბატარეებით Gemera 1000 კილომეტრს გადის.
ფასი და წარმოების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.