მართვას გადაშენება უწერია? ახალგაზრდებს მანქანის მართვა არ აინტერესებთ
აშშ-ს მოქალაქეებში მანქანის მართვაზე უარის თქმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რაც საავტომობილო კულტურისთვის საფრთხეს ქმნის.
საავტომობილო სამყაროს დაბადებიდან მოყოლებული ე.წ. „ბეიბი ბუმერების” (1946-1954 წლებში დაბადებული) თაობიდან დაწყებული ყველა თაობა ავტომობილს უფრო და უფრო აქტიურად მართავდა. თუმცა, ახლა ეს ტენდენცია რადიკალურადაა შეცვლილი. თაობა Z-ი (დაბადებული 1997 წლიდან 2012 წლამდე) უფრო ნაკლებ კილომეტრს ფარავს ავტომობილით, ვიდრე წინა თაობა - მილენიალები (1981-1996).
ავტომობილების მართვისადმი ინტერესის შესუსტება მილენიალებში შესამჩნევი გახდა. ამ თაობაში მათ მიერ მანქანით დაფარული კილომეტრების რაოდენობა, წინა თაობასთან შედარებით, 24%-ით შემცირდა.
ახლა კი გამოჩნდა, რომ თაობა Z-იც ამავე გზას ადგას. როგორც ჩანს, ამერიკის საავტომობილო კულტურას საფრთხე ემუქრება. მილენიალებთან შედარებით, „ზუმერები“ (თაობა Z-ი) კიდევ უფრო იშვიათად მართავენ ავტომობილს.
1997 წელს მართვის მოწმობა 16 წლის ასაკის წარმომადგენელთა 43%-ს ჰქონდა. 17-წლიანებში ეს მონაცემი 62%-მდე გაიზარდა. 2020 წლის კვლევაში გამოჩნდა, რომ მართვის მოწმობა 16 წლის ბავშვთა თაობაში მხოლოდ 18%-ს ჰქონდა. 17 წლის თაობაში კი ეს მაჩვენებელი 17%-მდე შემცირდა.
საინტერესოა ისიც, რომ 1997 წელს 20-25 წლის ადამიანების 90% მართვის მოწმობას ფლობდა. 2020 წელს იგივე მონაცემი 80%-მდე ჩამოვიდა. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. გასათვალისწინებელია მანქანის ფლობასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთებიც, რაც აშშ-ს მოსახლეობას აწუხებს. ამას საავტომობილო გზებზე გადაადგილების შიშიც ემატება.
23 წლის მედისონ მორგანმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ავტომობილებისადმი მისი ინტერესის გაქრობა ავარიებში დაღუპულ თანატოლებს უკავშირდება. სამწუხაროდ, აშშ-ში ფატალური საავტომობილო შემთხვევები მზარდია.
სწორედ ამიტომ, ავტომობილების ნაცვლად, ახალი თაობის წარმომადგენლები მართვის გაზიარების შესაძლებლობასა და სამოქალაქო ტრანსპორტს იყენებენ.
როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.