BMW-ს დაუდევარი მძღოლი საპირისპირო ზოლში მოძრაობისას MX-5-ს ეჯახება
BMW 3-Series-ის მძღოლს მთის დაკლაკნილ გზაზე „აპექსში“ შესვლა სურდა, რა დროსაც Mazda MX-5-ს დაეჯახა.
E36 თაობის მესამე სერიის მძღოლმა ისწავლა რა შეიძლება მოხდეს, როდესაც დაკლაკნილ გზაზე საპირისპირო ზოლში გადაწყვეტ მართვას.
ქვემოთ მიბმული ვიდეო Mazda MX-5-ის სალონის კამერით არის გადაღებული. ის Instagram-ის პლატფორმაზე სწორედ მფლობელმა გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ ავარიის თავიდან აცილება სრულად შესაძლებელი იყო.
MX-5-ის მფლობელი მზიანი ამინდით, ულამაზესი გზითა და საოცარი ავტომობილით ტკბებოდა. ერთ-ერთი მოსახვევის ბოლოს კი, უცებ, მის წინ შავი ავტომობილი გაჩნდა. ეს შავი ავტომობილი BMW 3 Series-ი იყო, რომელიც საპირისპირო მხარეს გადავიდა და„აპექსში“ შესვლას ცდილობდა.
სამწუხაროდ, MX-5-ის მძღოლის მხედველობას გზის დამცავი ჯებირი უბლოკავდა. ამ მიზეზით მან რეაგირება ვერ მოასწრო. BMW-ს მძღოლმა კი Mazda-ს გზაზე შემჩნევისას მარჯვნივ მყისიერად მოუხვია. მიუხედავად ამისა, ავარიის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.
სურათებში, რომელიც ავარიის შემდეგ გავრცელდა ჩანს, თუ რამდენად დაზიანდა ორივე ავტომობილი. თუმცა, უფრო დიდი დაზიანება BMW-ზე შეიმჩნევა. მარცხენა მხარეს არსებული სავალი ნაწილები მწყობრიდანაა გამოსული. ბორბალი მართობულად დგას. პოზიცია დაკარგა უკანა დისკმაც. Miata-ს კი ბამპერის, ფრთისა და მცირე სავალი ნაწილების შეკეთება სჭირდება.
Mazda-ს მძღოლი, ნიკი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს Miata M-Edition-ი მისი ოცნების ავტომობილი იყო. მან ეს მანქანა ოქტომბერში შეიძინა. ახლა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამიტომ, შემდეგში, როდესაც „აპექსში“ შესვლას თქვენც ასე დააპირებთ, ეს შემთხვევა აუცილებლად გაიხსენეთ. კარგი იქნება თუ სხვის შეცდომებზე ისწავლით. ყველაფრის გამოცდა არ არის საჭირო.